Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალი არის ორმაგად დატვირთული... ის უნდა იყოს კარგი დედა, თან რეალიზებული, ოჯახი კარგად მოვლილი უნდა ჰყავდეს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„ქალი არის ორმაგად დატვირთული... ის უნდა იყოს კარგი დედა, თან რეალიზებული, ოჯახი კარგად მოვლილი უნდა ჰყავდეს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა სენდვიჩის ასაკის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალბატონებს 35-დან 45 წლამდე ასაკში აქვთ:

„სენდვიჩის ასაკი არის 35-დან 45 წლამდე პერიოდი. რადგან დედებზე ვლაპარაკობთ, ეს ქალისთვის კიდევ უფრო პრობლემური ასაკია. ქალს ბევრი სოციალური მოთხოვნა აქვს წაყენებული. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს კარგი დედა, თან რეალიზებული უნდა იყოს, ოჯახი კარგად მოვლილი უნდა ჰყავდეს. კი, ნელ-ნელა მიდის გადახედვა, ასეთი მაღალი მოთხოვნების, მაგრამ ეს მაინც ასეა. გარდა ამისა, ქალს მოეთხოვება, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. არის ხოლმე, რომ შენი მოთხოვნილებები, სურვილები, ინტერესები გადადებული გაქვს უკანა პლანზე და შენი თავი დავიწყებული გაქვს. მთლიანად გადართული ხარ ოჯახზე.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, დედები მაინც უდიდეს სტრესს განიცდიან:

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე გადაიხედა ბევრი რამ, მამები ჩართულები არიან ბავშვის აღზრდის პროცესში, ოჯახშიც ცდილობენ, რომ ქალს დაეხმარონ. ასე ამბობენ, თორემ ეს არ არის სხვა ადამიანის დახმარება. ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. მამაკაცი ამბობს, რომ „მე ვეხმარები ჩემს მეუღლეს,“ სინამდვილეში ის თავის პრობლემებს თვითონ აგვარებს, ისიც მამაა და თავისი მოვალეობები აკისრია.“

„ეს გახლავთ ჩვეულებრივი პროფესიული გადაწვა. როგორც პროფესიაშია ადამიანი ძალიან დატვირთული და ეს ეტყობა მის პროფესიულ საქმიანობას, დედობაც ერთ-ერთი პროფესიაა. ქალს ეს არ ეთვლება ფაქტობრივად არაფერში. მას კიდევ ის მოვალეობები აქვს დამატებული, რომელსაც მამაკაცი ან საზოგადოება მისგან შეიძლება მოითხოვდეს. ამიტომ არის ქალი ორმაგად დატვირთული. ბავშვის გაჩენიდან ზრდასრულობამდე პერიოდი ადამიანის ცხოვრებიდან თითქოს ამოვარდნილია, იმიტომ, რომ თავისი თავისთვის არაფერი არ გაუკეთებია. არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან ამით. საერთოდ დედობა ბედნიერებაა. ჩემმა კოლეგამ ცვაიგის პერიფრაზი გააკეთა: „მადლობა ღმერთს, რომ მენდო და დედა გამხადა.“ უდიდესი ნდობაა, როდესაც ადამიანს შვილი ჰყავს. სტრესის საფუძველი ნამდვილად არის. ეს გახლავთ გახანგრძლივებული ქრონიკული სტრესი, როდესაც ადამიანი გამუდმებით ფიქრობს შვილების მომავალზე, უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესო გაუკეთოს თავის ოჯახს, ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდეს. ამ ყველაფერს ის აკეთებს იმის ხარჯზე, რომ თავისი მოთხოვნილებები გადავადებული აქვს,“- აღნიშნულ საკითხზე ლელა ტყეშელაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად