Baby Bag

როგორი უნდა იყოს სასკოლო ასაკის ბავშვის კვება? - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სასკოლო ასაკის ბავშვების კვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შემოდგომაზე უკვე ბავშვები მიდიან სკოლაში. ამ დროს მათი წლიური ავადობის ჯერადობაც იმატებს. ისინი ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში არიან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები სწორად იკვებებოდნენ, სწორად იღებდნენ ბალანსირებულ საკვებ ნივთიერებებს, მიკრონუტრიენტებს, მაკრონუტრიენტებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. უფრო ადვილად გაუსწორდნენ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

საკმაოდ ხშირად მშობლები მოგვმართავენ, რა დავუნიშნოთ იმუნიტეტისთვის ბავშვებს. ყველაზე კარგი იმუნიტეტის სამკურნალო საშუალება არის სწორი, ბალანსირებული კვება, თავისი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ბუნებრივი ვიტამინებით.

სეზონურად აუცილებელია, რომ ბავშვმა იგივე ყაბაყი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა  თითქმის ყოველდღიურ რაციონში მიიღოს. ეს უნდა იყოს სწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტები. B,C ჯგუფის და წყალში ხსნადი ვიტამინები როგორც მოგეხსენებათ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული.

აუცილებელია პროდუქტი მომზადებისას არ მივიყვანოთ მაღალ ტემპერატურამდე, 100 გრადუსამდე. დიდხანს არ მოვხარშოთ პროდუქტები, არ ვათუხთუხოთ და არ დავწვათ. ყაბაყი ხშირად ორივე მხარეს ისეა დამწვარი, ეს მიუღებელია. დაბრაწულს შეიძლება უფრო კარგი გემოც ჰქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაწვამდე არ მივიყვანოთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროდუქტების სეზონურობა. სეზონური პროდუქტებით დამზადებული საკვები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ სხვადასხვა სილამაზით გამზადებული, სწორად დამუშავებული შევთავაზოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ანემია და ორსულობა - გაეცანით მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს

ანემია და ორსულობა - გაეცანით მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ორსულთა ანემიაზე. 

ყოველი ორსულობა ინდივიდუალურია, თუმცა არის ზოგი ფაქტორი, რაც შესაძლოა, ბევრ ორსულში შეგვხვდეს. ერთ-ერთი მათგანია ანემიის განვითარების მაღალი რისკი.

​ანემია იწყება მაშინ, როცა თქვენს ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობით ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) ქსოვილებამდე ჟანგბადის გადასატანად.

​მსუბუქი ხარისხის ანემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაღლილობა. თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, ანემია გაღრმავდება. ორსულობის დროს ანემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის მცირე მასა.

​რა იწვევს ანემიას ორსულობაში?

​მსუბუქი ხარისხის ანემია ხშირად გვხვდება ორსულებში. არსებობს ანემიის 400 ქვესახეობა. ასევე არსებობს ანემიის გამომწვევი ბევრი მიზეზი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

​რკინადეფიციტური ანემიის
განვითარების მიზეზია - რკინის მარაგის უკმარისობა ორსულობამდე და ორსულობისას. ამას მივყავართ რკინის დეფიციტამდე. 15-25%-მდე ორსულებს აქვთ რკინადეფიციტური ანემია. ამ დროს ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია.

​ორსულობისას თქვენი ორგანიზმი გაძლიერებულად მუშაობს, რომ მოახდინოს ნაყოფის სწორი კვება. სისხლის მოცულობა იზრდება 30-50% -ით. სისხლის მოცულობის ასეთი ზრდა უზრუნველყოფს ნაყოფის ჟანგბადითა და საკვები პროდუქტებით კარგ მომარაგებას.

​ფოლატდეფიციტური ანემია
- გამოწვეულია ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით. ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ხშირ ნაირსახეობას, რომელიც გვხვდება ორსულებში. ორსულობისას ქალებს გაცილებით მეტი რაოდენობის ფოლიუმი სჭირდებათ. ფოლიუმის მჟავა ინიშება ორსულობის დაგეგმვამდე რამდენიმე თვით ადრე. ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ხელს უშლის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის განვითარებას ორსულობისას, ამიტომ ასე მნიშნელოვანია მისი მიღება ორსულობის 12 კვ. ვადამდე.

​ვიტამინი B12-დეფიციტური ანემია
- B12 ვიტამინი გამოიყენება ორგანიზმის მიერ ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოებისთვის. ზოგიერთი ქალის შემთხვევაში ძნელად ხდება B12-ის პროდუქცია, რასაც მივყავართ ამ ვიტამინის დეფიციტამდე.

​ხშირად ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ B12-დეფიციტი შესაძლოა შეგვხვდეს ერთდროულად.

​რა გზებს შეიძლება მივმართოთ ყველაზე გავრცელებული ანემიის ფორმების პრევენციისთვის?
  • პრენატალური ვიტამინები - შეგიძლიათ მიიღოთ ერთჯერ დღეში - ამით თქვენ მიიღებთ ვიტამინებსა და მინერალებს საჭირო რაოდენობით.
  • რკინის შემცველი მედიკამენტები - თუ თქვენი ფერიტინის დონე დაბალია, ექიმი დაგინიშნავთ რკინის შემცველ პრეპარატს. მედიკამენტის დოზას, სახეს - დასალევი თუ საინექციო - ამას უკვე წყვეტს თქვენი ექიმი კონკრეტულად თქვენი შემთხვევიდან, ზოგადი მდგომარეობიდან, ანამნეზიდან და სხვა არსებული თანმხლები დაავადებიდან (მისი არსებობისას) გამომდინარე.

​რკინის პრეპარატის მიღებისას თავი უნდა აარიდოთ კალციუმის მაღალი რაოდენობით შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული - ეს ყველაფერი ხელს უშლის რკინის სწორ ათვისებას.
​ასევე ანტაციდებმა (კუჭის მჟავიანობის გასანეიტრალებელი მედიკამენტები) შესაძოა, შეაფერხონ რკინის სწორი ათვისება. ამიტომ აუცილებლად მიიღეთ რკინა 2 საათით ადრე ანტაციდის მიღებამდე ან ანტაციდის მიღების შემდეგ 4 საათში.
  • სწორი კვება - რკინისა და ფოლიუმის საკმარისი რაოდენობის მიღება შესაძლოა ორსულობის განმავლობაში სწორად შერჩეული კვების რაციონის მეშვეობით.

​ზემოთ აღნიშნული მინერალების კარგი წყაროა:

  • ქათამი
  • თევზი
  • საქონლის ხორცი
  • ლობიო
  • თხილეული
  • მწვანილი
  • კვერცხი
  • ხილი (ბანანი, ნესვი)

​ცხოველური წარმოშობის რკინია უფრო კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ, ვიდრე მცენარეული წარმოშობის.
თუ ანემია ძალიან ღრმაა და საინექციო ფორმებით ვერ მოხერხდა კორეგირება, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა).

​ანემიის განვითარების რისკ-ფაქტორები:

​ანემიის განვითარების რისკ-ფაქტორებია: მრავალნაყოფიანი ორსულობა, ორი ან მეტი ორსულობა უახლოეს წარსულში, არ მიირთმევთ რკინით მდიდარ საკვებს, თუ დაორსულებამდე გქონდათ ჭარბი მენსტრუაცია, ასევე ორსულობისას ხშირი ღებინება.

​რა სიმპტომები ახასიათებს ანემიას?

​ანემიის მსუბუქი ფორმის დროს შესაძლოა, არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ. საშუალო და მძიმე ფორმების დროს კი: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, გამუდმებით დაღლილობის შეგრძნება, ქოშინი, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება) ან ტკივილი მკერდის არეში, თავბრუსხვევა, გემოს გაუკუღმართება - ცარცის, თიხის, კბილის პასტის ჭამა.

​შესაძლოა, ზემოთ აღნიშული სიმპტომებიდან გქონდეთ რომელიმე ან რამდენიმე ერთდროულად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წაიკითხეთ სრულად