Baby Bag

„ძალიან არასწორია, როდესაც კონსერვს ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და შემდეგ ამ კონსევრს მიირთმევენ,“- სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ზაფხულში კონსერვების მირთმევასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა:

„კონსერვს ყოველთვის აწერია შენახვის პირობები. სათავსო უნდა იყოს მზის სხივებისგან დაცული აუცილებლად. ძალიან ცხელ წერტილში, სადაც მზე ადგება, არ უნდა შევინახოთ. კონსერვები საფრთხილოა და ზაფხულში ნაკლებად სასურველია, რომ მივირთვათ. კიტრის მწნილსაც ზაფხულში უმჯობესია მოვერიდოთ. ჩვენ მაღაზიაში რომ ვიყიდეთ, იმ წამს შეიძლება იდო ბნელ და გრილ ადგილას, მაგრამ არ ვიცით სად როგორ ხვდება ხოლმე. თუ ქილა დაზიანებულია, ასეთი პროდუქტი საერთოდ არ შეიძინოთ. მზის სხივები ხელს უწყობს იმ მავნე ნივთიერებების გამოვლენას, რომლითაც პროდუქტი არის დაკონსერვებული.

სახლში კონსერვების მომზადება საფრთხილო ამბავია ზუსტად იგივე ბოტულინუმის ჩხირის გამო, რომელიც სპორას იქმნის ირგვლივ და დუღილის პროცესშიც შეუძლია გადარჩეს. კონსერვი აუცილებლად უნდა წამოდუღდეს, როდესაც გავხსნით. ის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაცხელდეს.

გარდა ტოქსინებისა, მნიშვნელოვანია ობის სოკო. ხშირად გამიგია, რომ ობის სოკოს აშორებენ კონსერვს. როდესაც ხსნიან და ხედავენ, რომ ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და ისე მიირთმევენ. ეს ძალიან არასწორია. როგორც ბოტულინუმი, ასევე ობის სოკო არის საშიში. არსებობს განსაკუთრებით საშიში სოკოები, რომელსაც რამოდენიმე ათასი წელიც კი შეუძლია გაძლოს. მისი ტოქსინები მომშხამავი და მომწამვლელია. შეიძლება მყისიერი რეაქციაც ჰქონდეს ადამიანს,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად