Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა იმ ტკბილეულით, რომლის გადაჩვევასაც მერე ვცდილობთ ხოლმე. ჩვენ დავაჩვევთ ამას და მერე ვცდილობთ გადავაჩვიოთ. დაჯილდოვება და წახალისება ხდება სხვა ფორმითაც, არ არის საჭირო, რომ ეს გავაკეთოთ მხოლოდ ტკბილეულით. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რაღაც უყვარს ბავშვს და ვერ გადავაჩვიე, აუცილებლად გავიხსენოთ, იქნებ ჩვენ გავასინჯეთ ეს პროდუქტი, რომელიც თვითონაც ვიცოდით, რომ არც ისე ჯანსაღია, მაგრამ გემრიელია. ბავშვის საგემოვნო ადაპტაცია მოხდა ჩვენი დამსახურებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. თავიდანვე ნუ შევთავაზებთ ბავშვებს იმ პროდუქტს, რომელთანაც მერე იძულებით განშორება ძალიან მტკივნეული იქნება.

როდესაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს შვილებს, რომ რაღაც პროდუქტი კარგია და რაღაც ცუდია, ამის მაგალითები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ. თუ ჩვენ არაჯანსაღ პროდუქტებს ხშირად მივირთმევთ, ეს აუცილებლად არის ცუდი მაგალითი. ჩვენ გვაქვს ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი კვებითი ჩვევები, მაგალითად, მარილიანობის ჩვენი აღქმა, შეიძლება ოჯახისთვის ცუდი ტვირთი იყოს. თუ მუდმივად ჭარბად ვამარილებთ კერძს, ოჯახის წევრები ეჩვევიან ამას და მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ ასეთი პროდუქტები მიირთვან,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაიმე ცალკე საგანი, სქესობრივი აღზრდა იქნება ეს თუ რაიმე სხვანაირი აღზრდა, არ არის საჭირო,“ - მარინა კაჭარავა

„რაიმე ცალკე საგანი, სქესობრივი აღზრდა იქნება ეს თუ რაიმე სხვანაირი აღზრდა, არ არის საჭირო,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სექსუალური აღზრდის პრობლემატიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექსუალური ქცევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქცევაა, რომლის გაკონტროლება მნიშვნელოვანია:

„სექსუალურმა რევოლუციამ გამოიწვია ნაადრევ ასაკში სექსუალური გამოცდილების დაწყება, რამაც გამოიწვია ფეხმძიმობები, აბორტები და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ასეთი პროგრამა: „მხოლოდ თავშეკავება.“ მათ პირიქით დაიწყეს, ასწავლიდნენ მხოლოდ თავშეკავებას. თავშეკავება არის მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი. „არას“ თქმა შეუძლია მხოლოდ ადამიანს. ​ბავშვებს ბავშვობიდანვე ასწავლიან როგორ თქვან „არა,“ როგორ გააკონტროლონ ქცევა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა არის სექსუალური ქცევა. მისი გაკონტროლება პირდაპირ კავშირშია მორალთან.“

მარინა კაჭარავას თქმით, ადამიანი ცხოველისგან მორალით განსხვავდება:

„მორალით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. ამ უკანასკნელს ეს არ სჭირდება არაფერში. თუ ეს იქნება სწავლება მორალური, ზნეობრივი, ოჯახზე, წმინდა სიყვარულზე, გამრავლებაზე, და-ძმობაზე, მეგობრობაზე ორიენტირებული, რატომაც არა. ბიოლოგიის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოში, ​ერთი დისციპლინის ქვეშ ამის სწავლება აბსოლუტურად აუცილებელი და მიზანშეწონილია. რაიმე ცალკე საგანი, სქესობრივი აღზრდა იქნება ეს თუ რაიმე სხვანაირი აღზრდა, არ არის საჭირო. ამის ფოკუსში ამოღება და ამის ცენტრალურ ფიგურად ქცევა არ არის საჭირო.“

„თუ ამბობ, რომ ხელები, ფეხები, თვალები, მაშინ ისე ასწავლე, როგორც ხელები, ფეხები და თვალები, როგორც სხვა სისტემები, ორგანოები. კარგად უნდა ასწავლო ეს, ყოველგვარი ეგზალტაციის, აჟიოტაჟის და მასხარაობის გარეშე. გენიტალიების გამოტანა ფართო ეკრანზე, ლაპარაკი იმაზე, რომ აქ არის სიამოვნების ზონა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასაჭირო ინფორმაცია. ​11-12 წლამდე ლატენტურია სექსუალობა. რატომ ვაღვიძებთ მას? რა საჭიროა?!“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად