Baby Bag

„3 წლამდე ასაკში სიმინდის მიღება შეზღუდულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოუმწიფებლობის გამო,“- ლევან რატიანი ზაფხულში სწორი კვების შესახებ

„3 წლამდე ასაკში სიმინდის მიღება შეზღუდულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოუმწიფებლობის გამო,“- ლევან რატიანი ზაფხულში სწორი კვების შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ზღვაზე დასვენების დროს რეკომენდებულ კვების რეჟიმზე ისაუბრეს:

„ზღვაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და ჯანსაღ კვებას. ზღვისპირა კურორტებზე სასურველია მივირთვათ ადგილობრივი პროდუქტი, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტები. პროდუქტის შერჩევისას აუცილებელია, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხოთ, რომელი საკვებია მათთვის მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ კაფესა და რესტორანში ჰიგიენის ნორმები არის თუ არა დაცული. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ თერმულად დამზადებულ საკვებს. არ უნდა შევუკვეთოთ უმი ან ცივი საკვები. ამ დროს იზრდება ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკი.

დილა იწყება ისეთი საკვებით, რომელსაც აქვს ენერგეტიკული ღირებულება და შედარებით მაღალი კალორაჟი. ეს არის ძირითადად წიწიბურა, ბურღულეული და ცილოვანი პროდუქტები, თევზეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხაჭო, მაწონი.

დღეში რეკომენდებულია 2 ლიტრი წყალის დალევა. ზღვაზე დასვენების დროს არ ვჭამოთ ცხიმიანი საკვები, დაგვამძიმებს, ცურვის დროს ხელს შეგვიშლის და შესაძლოა, გუნება-განწყობაზეც იმოქმედოს.

სიმინდი არაჩვეულებრივი პროდუქტია. 3 წლამდე ასაკში მისი მიღება შეზღუდულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოუმწიფებლობის გამო. მოზრდილ ასაკში მოხარშული სიმინდის მიღება ზომიერი რაოდენობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ბავშვები ხშირად თამაშობენ ქვიშაში. ეს ქვიშა და კენჭები, შესაძლოა, უამრავი ინფექციის წყარო იყოს. სანამ სიმინდს ბავშვებს ვაჭმევთ ან დავურიგებთ, აუცილებლად გავუწმინდოთ მათ ხელები და პირის ღრუს მიდამოები.“

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად