Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანის 9 ფსიქოტიპი: ცხრა მოდელი იმისა, თუ როგორ ექცევა მშობელი ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე

„ადამიანის 9 ფსიქოტიპი: ცხრა მოდელი იმისა, თუ როგორ ექცევა მშობელი ბავშვს,“ - ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე

ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე ადამიანის 9 ფსიქოტიპის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობელი ბავშვს არაცნობიერ მოტივაციებს უყალიბებს, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების განმაპირობებელი ხდება:

„მშობელს აქვს უნარი, რომ ჩამოაყალიბოს ბავშვის არაცნობიერი მოტივაციები, რომლებიც შემდეგ ხდება მთელი მისი ცხოვრების განმაპირობებელი. ენეაგრამას მიხედვით სულ ცხრა ფსიქოტიპი გვაქვს. ეს არის ცხრა ​მოდელი იმისა, თუ როგორ ექცევა მშობელი ბავშვს. იდეალისტი ფსიქოტიპის შემთხვევაში მშობელი არის ძალიან მკაცრი, მას მკაცრი წესები შემოაქვს ბავშვის ცხოვრებაში. შემდეგ ბავშვი იჩენს შინაგან მშობელს, შინაგან კრიტიკოსს, შინაგან პოლიციელს, რომელიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თან დასდევს. როგორც მშობელი მკაცრად აძლევდა მითითებებს, ჩარჩოებს უწესებდა, ანალოგიურად შინაგანი კრიტიკოსი მას უქმნის მუდმივ ხაზს, რომელსაც უნდა მიჰყვეს. ერთის მხრივ, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს, მორალისტია, წესების მოყვარულია, მეორეს მხრივ, ის მოუქნელი და ხისტია. შინაგანი კრიტიკოსი მას არ აძლევს საშუალებას, რომ რაღაცებს გადაუხვიოს, რაღაცების მიმართ თავისუფალი იყოს.“

ილია ნიკაჭაძე მზრუნველ და ტრიუმფატორ ფსიქოტიპებს ახასიათებს, ამასთან იმ აღზრდის მეთოდებსაც აღწერს, რომლებიც აღნიშნული ფსიქოტიპებს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს:

„მზრუნველი არის ფსიქოტიპი, რომლის მშობლებსაც ბავშვობაში მისთვის არ ეცალათ. ბავშვმა იფიქრა: „მოდი მშობელზე ვიზრუნებ, შემდეგ მას ექნება დრო, რომ შემიყვაროს.“ ეს ფსიქოტიპი როდესაც იზრდება, ამ ყველაფრის განზოგადებას აკეთებს მთელ სამყაროზე. ტრიუმფატორი არის ფსიქოტიპი, რომელსაც ბავშვობაში ჰქონდა განცდა: ​„მე შემიყვარებენ, თუ ვიქნები საუკეთესო.“ ამ ფსიქოტიპს აქვს მიჯაჭვულობა აბლოდისმენტების მიმართ, აღიარების მიმართ, ტაშის მიმართ. ეს ფსიქოტიპი სულ მუშაობს, ვერასდროს დუნდება. როდესაც ის დუნდება, აქვს განცდა, რომ სხვები აჯობებენ. თუ სხვები აჯობებენ, მას სიყვარულს აღარ მისცემს მშობელი. ამ ფსიქოტიპებს ეძახიან დედის ნარცისისტულ პროექტს. მათ ჰყავთ მშობლები, რომლებმაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახდინეს და ეს გადაიტანეს შვილზე. ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი დედამ ან მამამ შექმნა.“

ილია ნიკაჭაძის თქმით, ინდივიდუალისტ ფსიქოტიპებს ბავშვობაში მშობლისგან ყურადღება და მხარდაჭერა აკლდათ, ხოლო მარტოხელა მოაზროვნის ფსიქოტიპს ორივე მშობლისგან უარყოფის გამო სამყაროს ნდობა უჭირს:

„ინდივიდუალისტი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს განსხვავებული, გამორჩეული, არავის ჰგავდეს. შემოქმედი ადამიანების უმრავლესობა ინდივიდუალისტია. ამ ფსიქოტიპს ​ჰყავდა მშობელი, რომელიც არ აძლევდა ბავშვს ემოციურ მხარდაჭერას. ბავშვს ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ ემოციები არ ჰქონდა. მას აქვს მიდრეკილება, რომ გაამძაფროს ყველა ემოცია, დრამა შექმნას. მარტოხელა მოაზროვნე არის ფსიქოტიპი, რომელსაც ორივე მშობლის უარყოფა ჰქონდა. ეს ფსიქოტიპი სამყაროს არ ენდობა. მას აქვს მოტივაცია, რომ შეისწავლოს სამყარო. ის ფიქრობს: „თუ მე სამყარო მეცოდინება, ის საშიში აღარ იქნება ჩემთვის.“ მას მუდმივად აქვს განცდა, რომ ცოდნა არ ჰყოფნის.“

„სკეპტიკოსი ძირითადად არის ძლიერი მშობლების შვილი. ის ხდება ძლიერ ფიგურებზე დამოკიდებული პირი. ის მთელი ცხოვრება ეძებს ავტორიტეტებს. ენთუზიასტი არის ფსიქოტიპი, რომელმაც ისწავლა ბავშვობაში გაქცევა. მან იპოვა სტრატეგია, რომ სირთულეებს გართობაში გაექცეს. ის ზრდასრულობაში ხდება გართობაზე, მხიარულებაზე, თავგადასავალზე ორიენტირებული. ბოსი არის ფსიქოტიპი, რომელსაც ​აქვს უარყოფა მშობლის მიმართ. ის არაცნობიერად დარწმუნებულია საკუთარ სიცუდეში. ის ეძებს ძალაუფლებას. ბოსი არის უარმყოფელი მშობლის მიერ გაზრდილი ადამიანი. მედიატორი არის ფსიქოტიპი, რომელიც ეძებს ჰარმონიას. ამ ფსიქოტიპს ჰყავდა ან კონფლიქტური მშობლები, ან ხელოვნურ ჰარმონიაში მყოფი მშობლები,“ - აღნიშნულ თემაზე ირაკლი ნიკაჭაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად