Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია

ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია

ორსულობა მარტივი არ არის, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ თვეებში, როდესაც გცხელათ, ოფლიანობა გაწუხებთ და კომფორტული ტანსაცმლის შერჩევაც გიძნელდებათ. ჩვენს სტატიაში იმ 12 სირთულეს გაგაცნობთ, რომელთან შეჯახება ორსულ ქალბატონებს ზაფხულის განმავლობაში უწევთ.

  • 1.ზაფხულში ორსულებს გამუდმებით სცხელათ

ორსულებს ორგანიზმში სისხლის იმაზე დიდი მოცულობა აქვთ, ვიდრე სხვა ადამიანებს, რის გამოც მათ ზაფხულში სხვებზე მეტად სცხელათ. მოჭარბებულ სისხლის ნაკადთან გასამკლავებლად, ორსული ქალბატონის ორგანიზმში სისხლძარღვები მცირედ განიერდება, რის გამოც სისხლი კანის ზედაპირს უახლოვდება, რაც ორსულების სხეულის ტემპერატურას ზრდის. როდესაც ამ ყოველივეს ზაფხულის სიცხეც ემატება, ქალბატონების მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება.

  • 2.ორსულ ქალბატონებს ფეხები უშუპდებათ

მართალია, ორსულებს ორგანიზმის შეშუპება ხშირად აწუხებთ, მაგრამ ეს ზოგჯერ აუტანელ ხასიათს იძენს. ორსულობის დროს ორგანიზმში სითხე ჭარბად გროვდება, საშვილოსნოს ზრდით გამოწვეული ზეწოლა ფეხის შეშუპებას იწვევს. შეშუპება ზაფხულის ცხელ დღეებში უფრო მატულობს და ორსულებს გადაადგილება უჭირთ, ამასთან მათ ფეხსაცმლის მორგებაც უძნელდებათ.

  • 3.ორსულები ზაფხულში ჭარბი ოფლიანობით იტანჯებიან

იცოდით, რომ ჭარბი ოფლიანობა ორსულობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია?! ორსული ქალბატონების ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები გაორმაგებული დატვირთვით მიმდინარეობს, რის გამოც გასაგრილებლად ორგანიზმს ოფლის გამოდენა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ორსულმა ქალბატონებმა ბევრი წყალი დალიონ, რათა ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან დაიცვან.

  • 4.ორსულები საზაფხულო კოქტეილებს ვერ მიირთმევენ

ალკოჰოლის მიღება ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებათ, რის გამოც ისინი საზაფხულო კოქტეილების მირთმევას ვერ ახერხებენ. ალკოჰოლი ნაყოფს სერიოზულ ზიანს აყენებს და მისი მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია.

  • 5.ორსულებს საზაფხულო ტანსაცმლის შერჩევა უჭირთ

ორსულ ქალბატონებს ზამთარში ჩაცმა ბევრად უმარტივდებათ, ვიდრე ზაფხულში ლამაზად გამოწყობა. ძალიან რთულია მოხდენილი და ამავდროულად გრილი, კომფორტული სამოსის შერჩევა, რომელიც ორსულის ტანზე იქნება მორგებული.

  • 6.ორსულისთვის მოდურად ჩაცმა მეორე პლანზე ინაცვლებს

ორსულები წონაში მნიშვნელოვნად იმატებენ, რის გამოც თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მართალია, თანამედროვე დიზაინერები სპეციალურად მათზე მორგებულ ტანისამოსს კერავენ, მაგრამ შეშუპებული ფეხებისთვის შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევა ძალიან რთულია, ასევე იმ ტანისამოსისაც, რომელიც ორსულის სხეულს მოუხდება.

  • 7.ორსულებისთვის მზისგან დამცავი კრემების გამოყენება სავალდებულოა

მზისგან დამცავი კრემების გამოყენება ზაფხულში ნებისმიერი ადამიანისთვის რეკომენდებულია, ხოლო ორსულებისთვის - სავალდებულო. ორსულის კანი ულტრაიისფერი სხივებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება, რის გამოც მომავალმა დედებმა მზეზე ყოფნის დროს მზისგან დამცავი კრემები აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

  • 8.ორსულებს ზაფხულში ჭარბი ძილიანობა აწუხებთ

მომავალ დედებს მზის გულზე ყოფნის შემდეგ ძილიანობა ხშირად აწუხებთ. მსგავსი დაქანცულობა დეჰიდრატაციით არის გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის გამო ორსულები ზაფხულში განსაკუთრებით ბევრ სითხეს კარგავენ.

  • 9.ორსულ ქალბატონებს ზაფხულში ბუნებაში ვარჯიში არ გამოსდით

ზაფხულში ბუნებაში ვარჯიში ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა, თუმცა ორსული ქალბატონებისთვის - არა. მომავალი დედები მაღალ ტემპერატურაზე ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდონ. უმჯობესია, თუ ისინი ვარჯიშით დახურულ სივრცეში დაკავდებიან.

  • 10.ორსულმა ზაფხულში დიდი რაოდენობით წყალი უნდა დალიოს

ორსულმა ქალბატონმა ნაყოფის განვითარების ხელშესაწყობად და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ზაფხულში რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს. დეჰიდრატაცია ორგანიზმის გადახურებას იწვევს, გარდა ამისა, შეკრულობის რისკიც მატულობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალი მიიღოს.

  • 11.მაღალი ტემპერატურა ორსულ ქალს და ნაყოფს ზიანს აყენებს

ორგანიზმის გადახურება ორსულისა და ნაყოფისთვის ზიანის მომტანია. თუ ორსული ქალბატონის სხეულის ტემპერატურა დადგენილ ზღვარს 10 წუთის მანძილზე აჭარბებს, ნაყოფისა და დედის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

  • 12.სასურველია, რომ ორსული ზაფხულში სახლში ან სახლთან ახლოს იმყოფებოდეს

ზაფხულში ორსული ქალბატონები, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, მზიან ამინდში გარეთ გასვლას უნდა მოერიდონ. კონდიციონერის სიახლოვეს ყოფნა მათ ორგანიზმს გადახურებისგან დაიცავს. მზიან და ცხელ დღეებში ორსულებისთვის რეკომენდებულია პარკში გასეირნება ან გრილ შენობაში ყოფნა. 

მომზადებულია ​Unitypoint.org-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად