Baby Bag

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის რაციონში ხორცისა და თევზის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და მშობლებს განუმარტა, თუ რა სიხშირით უნდა ჩართონ შვილის რაციონში წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი:

„წითელი ხორცი კვირის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს 4 დღე, ფრინველის ხორცი შესაძლებელია იყოს ორი დღე, თევზი უნდა იყოს კვირაში 1 დღე. ეს შესაძლებელია შეიცვალოს ინდივიდუალურად იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს თითოეულ პროდუქტთან. ეს არ შეიძლება სრულად იყოს ჩანაცვლებული მცენარეული ცილებით, თუმცა ერთი დღე შესაძლებელია დავუთმოთ მცენარეულ ცილებსაც. ბავშვთა ასაკში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რკინა, B12 ვიტამინი მნიშვნელოვანია ზრდა-განვითარებისთვის, ასე ვერ ჩავანაცვლებთ მცენარეული ცილებით ცხოველურ ცილებს.

დაბადებიდან იმ ასაკამდე, სანამ ჩვენ გვისმენენ შვილები, მშობლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თუ რას მიირთმევს პატარა. ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები: „რა ვქნა? ტკბილ გაზირებულ სასმელს სვამს.“ ამ დროს ვკეითხები მშობლებს: „მუშაობს ბავშვი?“ ისინი გაკვირვებულები მიყურებენ. თუ ჩვენ არ ვუყიდით, ის არ შევა მაღაზიაში და არ მოიპარავს. აღზრდის კულტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- მოცემულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევები 233 %-ით გაიზარდა,“- ქეთი ასათიანი უახლესი კვლევის შედეგების შესახებ

„ბავშვებში დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევები 233 %-ით გაიზარდა,“- ქეთი ასათიანი უახლესი კვლევის შედეგების შესახებ

​​ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ბავშვებში ინტერნეტში მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების საფრთხეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის უსარგებლო ინფორმაციისადმი ნდობის გამოვლენა:

„თითქოს ჩვენი შვილების თაობას აქვს უფრო მეტი წვდომა ინფორმაციის მოსაძიებლად, უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის. საფრთხე სწორედ აქ არის. არათუ ბავშვებს, უფროსებსაც ხშირად გვიჭირს გამიჯვნა, რა არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რა - არა. ეს ქმნის საფრთხეს მოზარდების, ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ეს, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია სხვადასხვა კვლევით.“

​ქეთი ასათიანმა ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევის შედეგების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებში დიაბეტი ტიპი-2-ის შემთხვევები 233 %- ით არის გაზრდილი:

„ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ბავშვებში დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევები 233 %-ით გაიზარდა ბოლო პერიოდში. ბუნებრივია, ეს დიაგნოზი აქამდეც არსებობდა. დიაბეტი ტიპი 2 ზრდასრულთა დიაგნოზად ითვლება, თუმცა პანდემიამ დაღი დაასვა სიმსუქნის განვითარების ხელშემწყობ გარემოს. შინიდან არ უნდა გახვიდე, გაქვს ონლაინ სწავლა, ჩვენი შვილების თაობა მიჯაჭვულია ეკრანს, ახლოს დევს გემრიელი, მაგრამ ზიანის მომტანი ე.წ. საცმაცუნო.“

„ეს სენი ძალიან გაახალგაზრდავდა. ბავშვებს უსვამენ დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზს თანმდევი არაჯანსაღი, უმოძრაო ცხოვრების წესიდან გამომდინარე. დიაბეტი ტიპი 2-ის ახალი შემთხვევები უფრო მძაფრად მიმდინარეობს. ​შაქრის ციფრი გაცილებით უფრო მაღალია, ელვისებური სისწრაფით, ცუდად ვითარდება დაავადება. გარდა ამ დაავადებისა, დეჰიდრატაცია არის ამ ბავშვების სრული. ეს საყოველთაო პრობლემაა,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად