Baby Bag

„ბავშვს ტკბილის სახით შეიძლება მივცეთ სახლში მომზადებული ორცხობილა, კექსი, სხვა პროდუქტი კრემის გარეშე,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვს ტკბილის სახით შეიძლება მივცეთ სახლში მომზადებული ორცხობილა, კექსი, სხვა პროდუქტი კრემის გარეშე,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის იმუნური სტატუსის გაძლიერებისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„როგორ ავუმაღლოთ ბავშვს იმუნური სისტემა? ბავშვს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა. მას აქვს მხოლოდ გარკვეული ელემენტები, რომელიც ჩვენ უნდა გავაღვივოთ. მშობლები ხშირად სვამენ კითხვას: „რატომ ავადობს ჩემი შვილი? ჩემი შვილი ავადობს ხშირად და მისი სუსტი წერტილი არის ყელი.“ არავითარ შემთხვევაში! უბრალოდ ხახის და ცხვირის ლორწოვანზე ხდება პირველი შეხვედრა იმუნოპრეზენტატორი უჯრედებისა და გამომწვევების, რომლებიც ორგანიზმში შეიჭრნენ. შეხვედრის ადგილზე, სადაც ისინი ხვდებიან, ხდება ლორწოვანის შეშუპება, გადიდება, შესქელება. ეს არ არის სუსტი ყელი. ეს არის შეხვედრის ადგილი, რომელიც შემდგომში ხვეწს და აძლიერებს იმუნიტეტს.

ჩვენ ბავშვის იმუნური სტატუსის გაძლიერებასა და ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ სწორი კვებით. ბავშვს მენიუში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბურღული, ხორცი, ვიტამინები ხილის და ბოსტნეულის სახით, რძემჟავა ბაქტერიების შემცველი რძემჟავა პროდუქტები. ბავშვს აუცილებლად სჭირდება რაღაც, რასაც ითხოვს დღის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით შეიძლება ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. სახლში მომზადებული ორცხობილა, კექსი თუ სხვა პროდუქტი კრემის გარეშე შეიძლება მივცეთ ბავშვს ტკბილის სახით. შეიძლება ბავშვი ოდნავ წავახემსოთ ასეთი პროდუქტითაც. ეს ზოგჯერ აუცილებელი ხდება, მერწმუნეთ, იმიტომ, რომ ბავშვები ამას კატეგორიულად ითხოვენ. ამას ითხოვს ზოგადი სუფრა, როდესაც სუფრაზეა რაღაც და ბავშვები ამას უყურებენ. ეს რომ არ გადავიდეს ბავშვისთვის პრინციპზე: „აკრძალული ხილია და აკრძალული ხილი გემრიელია,“ მან არ დაიწყოს ამის ჩუმად მოპარვა, ჩუმად გემოს გასინჯვა, ჩვენ შეგვიძლია დოზირებულად, ძალიან მცირედ ეს მივაწოდოთ,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია „პულსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად