Baby Bag

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ თევზის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„ნუტრიციოლოგებმა თევზი შეიტანეს იმ საკვებთა ნუსხაში, რომლებიც სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი. ეს თავისთავად იწვევს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივაციას, იმუნომოდულაციას.

პირველი, რაზეც კვირაში ორჯერ თევზის მიღება აისახება, ეს არის კანი. მას ენიჭება ელასტიურობა და რეგენერაციის მაღალი უნარი. ადამიანები უფრო მოგვიანებით ნაოჭდებიან.

თევზის მიღება ომეგა 3-ის შემცველობიდან გამომდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის რისკს ამცირებს. ასევე თევზი ხელს უწყობს გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებას.

თევზი დადებითად მოქმედებს და ისეთი დაავადებების პრევენციას ახორციელებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში დეფექტურ იმუნიტეტს წარმოქმნის. ეს არის ე.წ. აუტოიმუნური დაავადებები.

თევზში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“

ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას თქმით, თევზის მიღება სასარგებლოა ჩვენი სისხლისთვისაც.

„თევზის მიღება ხელს უშლის სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქების ჩალაგებას, შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის განვითარების რისკებს ამცირებს.

თევზში შემავალი ომეგა 3 ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია D ვიტამინის წარმოქმნის. ის ჩვენს ორგანიზმსა და გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

თევზი დადებითად ზემოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე,“- აღნიშნა ლაშა უჩავამ.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

7 საუკეთესო საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ

7 საუკეთესო საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ

თანამედროვე სამყაროში ​საბავშვო ფილმების ფართო არჩევანია, რის გამოც მშობლები ხშირად იბნევიან და უჭირთ ბავშვისთვის საინტერესო ფილმის შერჩევა. ჩვენს სტატიაში 7 საუკეთესო საბავშვო ფილმს გაგაცნობთ, რომლებიც ცხოველების შესახებ საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობენ, ამასთან იმ ასაკობრივ ჯგუფებსაც გამოვყოფთ, რომელთათვისაც მოცემული ფილმების ყურება რეკომენდებულია.

1. დულიტლი (რვა წლიდან)

ფანტასტიკური და მომხიბლავი ისტორიებიეთ ეს ფილმი თქვენი პატარას გაოცებას ნამდვილად შეძლებს. ის ექიმი დულიტლის ისტორიას გვიყვება, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოველებზე ზრუნვით იქარვებს დარდს. ვეტერინარს ცხოველების ენა ესმის და მათთან კომუნიკაციის საოცარი უნარი აქვს. ფილმი თქვენს შვილს ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილის ათვისებაში დაეხმარება.

2. მეფე ლომი (ექვსი წლიდან)

დისნეის ეს ​საოცარი ფილმი ტყეში არსებული მონარქიული ყოფის სურათს გვიხატავს. ტახტის მემკვიდრე სიმბა მამის გარდაცვალების შემდეგ ტიტულისთვის იბრძვის. ფილმი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბავშვი მას თვალს ვერ მოსწყვეტს. ფილმის ყურების შემდეგ თქვენი შვილი საკუთარ შესაძლებლობებში მეტად დარწმუნდება და მომავლისადმი ენთუზიაზმით განეწყობა.

3. ჯუნგლების წიგნი (რვა წლიდან)

ჯუნგლების წიგნი მარადმწვანე კლასიკაა. ფილმი მაუგლის შესახებ მოგვითხრობს. პატარა ბიჭი ჯუნგლებში, ცხოველების გარემოცვაში იზრდება. მას ტყეში უამრავი მეგობარი ჰყავს. ბალუ და ბაგირა მისი საუკეთესო მეგობრები არიან. მიუხედავად ამისა მაუგლის ჯუნგლებში მტრებიც ჰყავს. ფილმი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის და გამარჯვების ამბებს გვიყვება. მისი ნახვა პატარებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

4. დიდი გამყინვარება (რვა წლიდან)

დიდი გამყინვარე საოცრად​ ლამაზ სურათებს და ბევრ სიცილს გვპირდება. ის ძუძუმწოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დიდი გამყინვარების დროს თავის გადარჩენას ცდილობენ. ფილმი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ბავშვს და მის განწყობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს.

5. მადაგასკარი (შვიდი წლიდან)

ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები კუნძულ მადაგასკარზე ველურ ბუნებაში ხვდებიან. ისინი მათთვის უჩვეულო გარემოში თავის გადარჩენას ცდილობენ. ფილმი გაჯერებულია სასაცილო დიალოგებითა და მრავალფეროვანი თავგადასავლებით. ის ბავშვებს ცხოველთა შინაგან სამყაროს და ველურ ბუნებაში არსებულ კანონებს აცნობს.

6. კუნგ-ფუ პანდა (ექვსი წლიდან)

პანდა პო ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ​ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პატარების სიყვარული პანდების მიმართ გაორმაგდა. ზარმაცი პანდა ოცნებობს, რომ კუნგ-ფუს მებრძოლი გახდეს. მოუხერხებელი პანდა საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის და საკუთარი მიზნებისკენ შეუპოვრად მიიწევს. ფილმი ბავშვებს მოტივაციას შესძენს და მათ ბრძოლისუნარიანი ხასიათის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

7. რატატუი (რვა წლიდან)

ფილმი ვირთხა რემის თავგადასავალს მოგვითხრობს. ის შეფმზარეულობაზე ოცნებობს. ის მოულოდნელად აღმოჩნდება პარიზში, მისთვის საოცნებო რესტორანში. ვირთხა რემი თავდაუზოგავად იბრძვის თავისი ოცნებების ასასრულებლად.

ცხოველების შესახებ გადაღებული ფილმები ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ, ამასთან ისინი ფილმების დახმარებით ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. შთაბეჭდილებები, რომლებსაც ამ საოცარი ფილმების ნახვის შემდეგ თქვენი შვილები მიიღებენ, მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მომზადებულია​ moms.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად