Baby Bag

10 პროდუქტი, რომელიც აბერებს - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები

10 პროდუქტი, რომელიც აბერებს - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ის 10 პროდუქტი დაასახელა, რომელიც დაბერების პროცესს აჩქარებს:

„უნდა გამოვყოთ რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ეს არის ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები, რომელშიც დამატებულია ძალიან დიდი რაოდენობით ემულგატორები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწყებენ თავისუფალი რადიკალების ჩამოყალიბებას. თავისუფალი რადიკალები იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. ამ სტრესის ფონზე ჩვენი ორგანიზმი ცვლის მეტაბოლიზმს. ამის შედეგად მოსალოდნელია ადრეული დაბერების პროცესი. მეორე პროდუქტი არის მარილი, რომელიც ენდოკრინოლოგებს არ გვიყვარს. მას ორგანიზმში შემოაქვს ზედმეტი სითხე და შეშუპება თვალნათლივ არის სახეზე, რაც ხელს უწყობს დაბერების პროცესს. დღის განმავლობაში დაშვებულია 3-5 გრამი მარილის მიღება.

შემდეგი პროდუქტი არის შაქარი და ტკბილეული, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. შაქარი ნაწლავის მიკროფლორაზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს და სახეზე გვაქვს გამონაყარი, ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილება. ძალიან ცუდია შაქარი, ნამცხვარი, კანფეტები, ტკბილეული. მეოთხე პროდუქტი არის გაზირებული სასმელები, რომლებიც დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს. გაზირების მომენტიც ცუდ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავზე. ის ცვლის ორგანიზმში მეტაბოლიზმს. მეხუთე არის ენერგეტიკული სასმელები, რომლის მიღებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის გაჯერებულია შაქრით, მასში დამატებულია მატონიზირებელი ნივთიერებები, ორგანიზმი ვერ ისვენებს, სულ გადაძაბულია და იფიტება. ეს გენეტიკურ მასალაზეც ახდენს გავლენას და დაბერების პროცესი მოდის. შემდეგი პროდუქტი არის ალკოჰოლური სასმელები. თრობა არ არის რეკომენდებული. ის ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. რამდენჯერაც არის თრობა, იმდენჯერ მცირდება ნერვული უჯრედების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში. კიდევ უფრო ცუდია კოქტეილების მიღება.

ყველა ეს პროდუქტი, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ კანზე ახდენს პირდაპირ გავლენას, იწვევს მის დანაოჭებას. ასევე ძალიან ცუდი პროდუქტია მცენარეული ცხიმები, როგორიცაა ჰიდროგენული ცხიმები, მაგალითად, მარგარინი. მსგავსი პროდუქტები ცვლის ორგანიზმში ცხიმების მეტაბოლიზმს. მეათე პროდუქტი, არის ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები: ჩიფსები, კრეკერები. ჩიფსში იმდენი ცხიმია აკუმულირებული, რომ ის კატასტროფაა ორგანიზმისთვის. ბავშვებთან კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ჩიფსების მიცემა,“- აღნიშნულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად