Baby Bag

3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ

3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ

ქირურგმა და ტელეწამყვანმა გიორგი ჩიჩუამ სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დაასახელა, რომელსაც წონაში კლების მსურველები უშვებენ:

„არც სპაგეტი, არც სხვა ნებისმიერი ფორმის მაკარონი წონაში არ მოგამატებინებთ. პირიქით, ბოლო კვლევების მიხედვით, ეს პროდუქტი წონის კლებაში დაგეხმარებათ. პასტას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ეს მაჩვენებელი ასახავს იმას, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად. როდესაც პასტას მივირთმევთ, ორგანიზმი შედარებით ნელა გრძნობს მაძღრობას, მაგრამ ეს მაძღრობა დიდხანს გრძელდება.

შემდეგი შეცდომა არის 0 %-იანი რძის პროდუქტების შეძენა. არასწორია ფიქრი, რომ გასახდომად 0 %-იანი რძის პროდუქტები უნდა მივირთვათ. სინამდვილეში რძის პროდუქტები ძალიან კარგია წონაში კლებისთვის. ისინი კაცლიუმს შეიცავენ. დაბალ პროცენტიან რძის პროდუქტს კი მცირე რაოდენობით აქვს კაცლიუმი. თუ თქვენ ამგვარ რძის პროდუქტს მიირთმევთ, ვერც წონაში დაიკლებთ და საჭირო რაოდენობით კალციუმსაც ვერ მიიღებთ.

მესამე შეცდომაა ცხიმიან საკვებზე უარის თქმა. ცხიმიანი საკვები სინამდვილეში ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს. თუ ცხიმზე საერთოდ უარს ვიტყვით, ვერ გამოვიმუშავებთ ესტროგენს, პროგესტერონსა და ტესტოსტერონს. შესაბამისად ვერც საჭმლის მონელებას მოვახერხებთ და ვერც წონაში დავიკლებთ. ორაგული ცხიმიანი თევზია, თუმცა სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე სასარგებლოა კვერცხი, ყველი, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული. ამ ჩამონათვალში არ მოიაზრება სწრაფი კვების პროდუქტი. ყველაფერში მთავარია ზომიერება.“

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ინფექციის იდენტიფიცირება მოხდება, სკოლა ვალდებულია მიმართოს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს,“ - ეკატერინე დგებუაძე

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ინფექციის იდენტიფიცირება მოხდება, სკოლა ვალდებულია მიმართოს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს,“ - ეკატერინე დგებუაძე

​​საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელთა დაცვა სკოლებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ ევალებათ:

„სკოლებს ეძლევათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავიანთი საჭიროებიდან, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შესასრულებელი ღონისძიება არის ის, რომ მოსწავლეებს შორის ერთ მეტრიანი დისტანცია უნდა არსებობდეს. მერხები უკვე ისეა განთავსებული, რომ მოსწავლეები ერთი მეტრის რადიუსზე არიან ერთმანეთისგან დაშორებული. ​სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს სიცხის გაზომვა. იმ შემთხვევაში, თუ სიცხე დაუფიქსირდება მოსწავლეს, ის გადადის საიზოლაციო ოთახში, სადაც ხდება ტემპერატურის გადამოწმება. თუ მას რამდენჯერმე დაუფიქსირდა ტემპერატურა, ინფორმაციას აწვდიან მშობლებს. საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ხდება 112-ში.“

ეკატერინე დგებუაძის თქმით, წესებისა და რეკომენდაციების დაცვა სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა:

„საინფორმაციო კამპანიის კუთხითაც გადაიდგა ნაბიჯები. დაიბეჭდა პოსტერები, რომლებიც გაკრულია სკოლებში. თვალსაჩინოა ყველა ის ნაბიჯი და აქტივობა, რომელიც მოსწავლემ მასწავლებელთან ერთად უნდა განახორციელოს. ეს არის უკვე ​სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როგორ დაიცავს, როგორ მიჰყვება ამ წესებს. ამ ყველაფერს მოჰყვება მონიტორინგი. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინდა მშობლებს ინფორმაცია მივაწოდო, ეს არის სერვისი, რომელიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა. იმ მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ, აქვთ საშუალება განაცხადი გააკეთონ, დაწერონ წერილი ან მეილიდან სკოლის ადმინისტრაციას მესიჯი გაუგზავნონ. ამ მომენტიდან სკოლა დაიწყებს კონკრეტული მოსწავლისთვის დისტანციურ ფორმატში საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას. თუ მშობელს უნდა, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციური სწავლების ფორმატში, ის მოსწავლე დარჩება ამ ფორმატში.“

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლაში კოვიდ-19-ის იდენტიფიცირების შემთხვევაში, სკოლამ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოს:

„იმ შემთხვევაში, ​თუ სკოლაში ინფექციის იდენტიფიცირება მოხდება, სკოლა ვალდებულია მიმართოს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს. სწორედ ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, სკოლა გადავიდეს სრულად დისტანციურ სწავლებაზე, თუ კონკრეტული კლასი გადავა დისტანციური სწავლების ფორმატზე. რეკომენდაციაა, რომ თუ სკოლას დასჭირდა, შაბათი დღე გამოიყენოს სასწავლო დღედ. ამ შემთხვევაში ესეც დასაშვებია. მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულია, შესაბამისად ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შემთხვევაში, დისტანციურ ფორმატში ჩაატარონ გაკვეთილები.“

„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდებიან, მასწავლებელმა მოახდინოს მათი აკადემიური მიღწევების შეფასება საკლასო ოთახის დონეზე. უნდა მოხდეს მოსწავლის შეფასება, რადემნად ძლევს იმ მიზნებს, რომლებიც მასწავლებელს აქვს დასახული. თუ გამოწვევები არსებობს, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის შეიმუშავოს ინდივიდუალური გაკვეთილები. ამ შემთხვევაში ​მხარი უნდა დავუჭიროთ მოსწავლეს, დავეხმაროთ, რომ ის არ იყოს მოწყვეტილი სასწავლო პროცესისგან,“ - აღნიშნულ თემაზე ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად