Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ნივთიერებების პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული“

„ნივთიერებების პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული“

როგორ უნდა განვიხილოთ მოზარდებთან ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ფსიქიატრმა, ქეთევან სილაგაძემ და ნარკოლოგმა, თათა ასათიანმა ისაუბრეს.

„მოზარდობის ასაკში, რა თქმა უნდა, იწყება გარკვეული ექსპერიმენტები, მათ შორის, სხვადასხვა ნივთიერებასთან მიმართებით, რას შესაძლოა, გახდეს წინამორბედი ამა თუ იმ ფიზიკური დარღვევის წარმოშობის. გულწრფელად რომ გითხრათ, პირდაპირი კავშირი, რომ მარიხუანას მოხმარება გამოიწვევს ან ფსიქოზურ რომელიმე დაავადებას ან სხვა ტიპის ფსიქიკურ აშლილობას, ასე არ არის, თუმცა, დღეს კვლევები საუბრობს იმას, რომ არის ძალიან მაღალი კომორბიდობა, ანუ ორივე აშლილობის თანაარსებობა. რა თქმა უნდა, ეპიზოდური მომხარება არ ნიშნავს მოხმარების დაავადების არსებობას, ცხადია, პირველადი მოხმარების ადრეული ასაკი ქმნის რისკს, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებული“, - აცხადებს ქეთევან სილაგაძე.

თათა ასათიანი საუბრობს, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტები შვილებთან კომუნიკაციისას, როდესაც ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემებს ვეხებით.

„დამოკიდებულება, მისი ელემენტები მაინც ყალიბდება მოზარდობის ასაკში, თუმცა, ამის წინააღმდეგ ზრუნვა უნდა დაიწყოს ბევრად ადრე - როდესაც ადამიანი ქმნის ოჯახს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ვუკავშირებთ ბედს, ვისთან უნდა გავატაროთ მთელი ცხოვრება, რამდენად სიყვარულით იქმნება ოჯახი, მუცლადყოფნის პერიოდში ეს ბავშვი რამდენად სასურველია... ეს იმიტომ, რომ ბავშვს აუცილებლად გადაეცემა დედის და მამის ემოციები. როდესაც ოჯახი კომფორტული და პატივისცემაზე დამყარებულია, ამ შემთხვევაში ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ ძალიან მცირე ასაკიდან. ათ წლამდე მიღებულ ინფორმაციას ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე - მოზარდობის პერიოდში. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. აკრძალვის ტონით საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. უნდა ავუხსნათ, როგორ იყვნენ ბედნიერები, როგორ ფოკუსირდნენ პოზიტივზე, უნდა შევასწავლოთ პატარ-პატარა საქმეები და გავუჩინოთ პასუხისმგებლობელი. მას უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, ძალიან მნიშნელოვანია პირადი მაგალითების მიცემა, განსაკუთრებით -  ათ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მშობელი ყოველთვის ავტორიტეტია და ცდილობს მისი საქციელის გამეორებას და ასევე მნიშვნელოვანია - წახალისება. როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, ის უნდა წავახალისოთ. რათა მოხდეს მისი ქმედების განმტკიცება და მას გაუჩნდეს მომავალში ამის განმეეორების სურვილი“, - აღნიშნავს ნარკოლოგი.

წყარო: „იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად