Baby Bag

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში უმადობის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„უმადობის პრობლემა განსაკუთრებით იწყება ხოლმე წლის შემდგომ. წლამდე ხშირად გვხვდება ძუძუზე მყოფ ბავშვებში. მათთვის ბუნებრივი კვება არის იდეალური საკვები, ამიტომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ბავშვები სიამოვნებით იღებდნენ დამატებით კვებას. თავიდან მშობლებთან ერთად ინდივიდუალურად გავდივართ ამ ეტაპებს. წლამდე ასაკში კვება აუცილებლად უნდა დაიწყონ კოვზით. ძუძუს შემდგომ ბავშვი სოსკას არ იდებს. ბოთლიდან წარმოუდგენელია და იშვიათი გამონაკლისია, რომ ჭამონ. ნახევრად მყარი და მყარი საკვები ბავშვს უნდა მივაწოდოთ კოვზით. წლის შემდეგ ბავშვი უნდა ჩავრთოთ თვითონ კვების პროცესში. ეს მისთვის უნდა იყოს სახალისო და არა ძალადობრივი ან სტრესული.“

„მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე რეჟიმზე. აუცილებელია ოთხჯერადი კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვათ. ვაიმე, დღეს საუზმე გამოტოვა და მოდი, ერთ ცალ ხაჭაპურს დავაჭერინებ ხელში, ამით იმხელა კალორიას იღებს ბავშვი, რომ შეიძლება სადილიც გამოგიტოვოთ. ამიტომ ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა,“ - ნინო კანდელაკი

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა,“ - ნინო კანდელაკი

ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა ბავშვის განვითარებისთვის ზაფხულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი მთელი წლის მანძილზე ზაფხულის შთაბეჭდილებებით საზრდოობს:

„ზაფხული არის დღესასწაული ბავშვისთვის. ის შთაბეჭდილებები, რომელსაც ბავშვი მიიღებს ზაფხულში მთელი წელი უნდა ეყოს, ამით უნდა საზრდოობდეს მთელი წლის განმავლობაში. ​შემდგომ მთელი ცხოვრება ეს, როგორც რესურსი მოჰყვება ადამიანს. ბავშვს სჭირდება ბუნებასთან ურთიერთობა, შეხება, განსაკუთრებით პატარებს ხშირი შეხება, ცხოველებთან ურთიერთობა. ყველაფერი ამის საშუალება არის ზაფხულში. მოძრაობა, სირბილი სასიცოცხლოდ აუცილებელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს სირბილი, წყალთან ურთიერთობა, ხეზე აძრომა.“

ნინო კანდელაკმა მშობლებს ურჩია ბავშვებს მოძრაობაში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი:

„სასურველია, მშობელმა წაიღოს ჰულა-ჰუპი, სახტუნაო, ბურთი. ​ყველანაირი მოძრაობა საჭიროა. ამ დროს ბავშვი სწავლობს საკუთარ თავს. ზაფხული ისეთი დროა, როდესაც ბავშვს აქვს ბუნებრივად, ინსტინქტურად ისეთი მექანიზმი, რომლითაც იცავს თავს. ქართველ მშობლებს და მით უმეტეს, ძიძებს ცოტა ზედმეტად ახასიათებთ სიფრთხილე. ძიძებს ჩაბარებული ბავშვი რომ ჰყავთ, არ აძლევენ არაფრის საშუალებას ბავშვს, არ გაიქცე, არ წახვიდე, არ ჩამოხტე. ზაფხულში მაინც ცოტა თავი შევიკავოთ, რომ ბავშვმა მოსინჯოს თავისი ძალები.“

ნინო კანდელაკის თქმით, ბავშვისთვის ცხოველებთან და ბუნებასთან ურთიერთობა აუცილებელია:

„აუცილებელია ბუნებასთან და ცხოველთან ურთიერთობა. ერთი ცხოველიც რომ იყოს, თუნდაც კუ ეზოში, ისიც იმხელა რესურსს აძლევს ბავშვს. სტრესის დროს დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან კარგია წყალთან ურთიერთობა და მიწაზე ფეხშიშველი სიარული. ნეგატიურ ინფორმაციას შლის წყალი. დიდი რაოდენობით უნდა დავლიოთ წყალი და ნებისმიერი წყლის პროცედურა, ეს იქნება შხაპი, მდინარეში ბანაობა თუ ა.შ. კარგია. ფეხშიშველა სიარული ბალახზე, მიწაზე ძალიან კარგია, კარგია თიხის ზელვაც.“

„ბავშვმა ყოველ ზაფხულს უნდა შეიძინოს ახალი უნარები. მან უნდა მოსინჯოს თავისი ძალები, გაიფართოვოს შესაძლებლობები, ​ახალ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს ყოველ ზაფხულს. მთელი ცხოვრება მერე ამითი უნდა მიაღწიოს მიზნებს. ვთქვათ ეშინია წყალში შესვლა, უნდა შევიდეს, პირველად ავიდეს ხეზე. ფსიქოლოგიურად გადამწყვეტია თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც არის ზაფხულში და არ არის ბეტონის გარემოში. ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს განვითარებაში ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო კანდელაკმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად