Baby Bag

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში უმადობის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„უმადობის პრობლემა განსაკუთრებით იწყება ხოლმე წლის შემდგომ. წლამდე ხშირად გვხვდება ძუძუზე მყოფ ბავშვებში. მათთვის ბუნებრივი კვება არის იდეალური საკვები, ამიტომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ბავშვები სიამოვნებით იღებდნენ დამატებით კვებას. თავიდან მშობლებთან ერთად ინდივიდუალურად გავდივართ ამ ეტაპებს. წლამდე ასაკში კვება აუცილებლად უნდა დაიწყონ კოვზით. ძუძუს შემდგომ ბავშვი სოსკას არ იდებს. ბოთლიდან წარმოუდგენელია და იშვიათი გამონაკლისია, რომ ჭამონ. ნახევრად მყარი და მყარი საკვები ბავშვს უნდა მივაწოდოთ კოვზით. წლის შემდეგ ბავშვი უნდა ჩავრთოთ თვითონ კვების პროცესში. ეს მისთვის უნდა იყოს სახალისო და არა ძალადობრივი ან სტრესული.“

„მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე რეჟიმზე. აუცილებელია ოთხჯერადი კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვათ. ვაიმე, დღეს საუზმე გამოტოვა და მოდი, ერთ ცალ ხაჭაპურს დავაჭერინებ ხელში, ამით იმხელა კალორიას იღებს ბავშვი, რომ შეიძლება სადილიც გამოგიტოვოთ. ამიტომ ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის საჭირო, როდესაც დედები მამებისგან მოითხოვენ: შენც ისე მოიქეცი, როგორც მე,“ - ხათუნა გოგელია

„არ არის საჭირო, როდესაც დედები მამებისგან მოითხოვენ:  შენც ისე მოიქეცი, როგორც მე,“ - ხათუნა გოგელია

ფსიქოლოგმა ხათუნა გოგელიამ ბავშვის ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაზე მშობლების უდიდესი გავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილს მეგზურობა უნდა გაუწიოს:

​მშობელს ევალება, რომ თავის შვილს გაუწიოს მეგზურობა. მშობელი არ უნდა გამოდიოდეს მხოლოდ თავისი ინტერესებიდან, არამედ შვილის შესაძლებლობებიდან, თუნდაც შვილის გენდერული მიკუთვნებულობის შესაძლებლობიდან. ვთქვათ, მე მინდა ჩემი შვილი იყოს კეთილი, მიმტევებელი, მოსიყვარულე, ამიტომ მე მას არ ვუყიდი სათამაშო იარაღს. ეს შეუძლებელია. პირიქით, რასაც ამოირჩევს ბავშვი, ის სათამაშო უნდა აიღოს. მისი შემდგომი ჩვევები და ქცევები აქედან მოდის.“

ხათუნა გოგელიას თქმით, ბავშვმა კონკრეტული ქცევის პატერნები უნდა დაისწავლოს, რათა მომავალში გამოიყენოს:

„მან მომავალში უნდა იცოდეს თავის დაცვა. ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელკეტით დაიცავს ოჯახს, მაგრამ თვითონ ქცევის პატერნი თავის დაცვის, ზოგჯერ თავდასხმის, უნდა იცოდეს. ​ამისთვის უნდა ეცალოს მშობელს. მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა დედას თავად დედობის პატერნები განვითარებული, რომ მოუნდეს თავად გაზარდოს შვილი და არა ძიძამ.“

„დედის და მამის კონფლიქტი ბავშვზე მოქმედებს, როგორც მასზე მიმართული ძალადობა. ეს კარგად არის გადამოწმებული და შესწავლილი. ის აღიქვამს, რომ მასზე ძალადობენ. პატარას ეს სტრესის ჰორმონები, ეს კუნთური ჯავშანი პატარაობიდანვე აქვს. დედა და მამა არის ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. რითი გამოირჩევა მამის ფსიქოტიპი? მამას რომ შვილი უჩნდება, მასშიც ხდება ჰორმონალური გარდაქმნები. ის უფრო მზრუნველი და თბილი ხდება. არ არის საჭირო, როდესაც დედები მამებისგან მოითხოვენ: შენც ისე მოიქეცი, როგორც მე. ფსიქოლოგიურად დედა არის მმართველი და თავისი სიყვარულით ზოგჯერ შემჭმელი შვილის, მზრუნველობით შემაწუხებელი. მამა არის ბავშვისთვის ნავსაყუდელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთა მამამ. მამამ უბრალოდ უნდა დაამშვიდოს შვილი, მოეფეროს, რომ მას მიეყრდნოს ბავშვი. ​ეს ფუნქციები იყოფა დედასა და მამას შორის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა გოგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად