Baby Bag

როგორ დავიკლოთ წონაში ეფექტიანად დიეტის გარეშე? - მარიამ მდინარაძე პირად გამოცდილებას გვიზიარებს

როგორ დავიკლოთ წონაში ეფექტიანად  დიეტის გარეშე? - მარიამ მდინარაძე პირად გამოცდილებას გვიზიარებს

ტელეწამყვანმა მარიამ მდინარაძემ წონაში კლების საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მან დიეტის გარეშე წონის საგრძნობლად დაკლება შეძლო:

„ძალიან გამხდარი არასდროს არ ვყოფილვარ. მშობიარობის შემდეგ მოვიმატე. ეს იყო საკვებით გამოწვეული. ძალიან ბევრს ვჭამდი და ეს იყო მიზეზი. მინდა გაგიზიაროთ წონაში კლების ჩემი მეთოდი, რომელიც რამოდენიმე პუნქტისგან შედგება. პირველი პუნქტი არის: „არ ვარ დიეტაზე.“ როდესაც გადავწყვიტე წონაში დაკლება, ვთქვი, რომ არ ვიქნები დიეტაზე. ასეთი კვების რეჟიმზე უნდა იყოს ყველა ადამიანი მთელი ცხოვრება. შემდეგი პუნქტი არის: „ვიწონებით ყოველდღე.“ 3-4 კილოს როდესაც იკლებს ჭარბწონიანი ადამიანი, ეს არ არის შესამჩნევი, რის გამოც ხელს იქნევენ და თავს ანებებენ. ჩემი მიზანი იყო, რომ ყოველ მომდევნო დღეს ვყოფილიყავი 100 გრამით უფრო ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ელექტრო სასწორი. საუზმემდე აიწონეთ.“

მარიამ მდინარაძის თქმით, წონაში დასაკლებად დღეში ოთხჯერ უნდა მიირთვათ:

„შემდეგი პუნქტი არის: „ვჭამთ დღეში ოთხჯერ.“ ვჭამთ თითქმის ყველაფერს. მთავარია, რამდენს ვჭამთ. ამის გასაზომად საუკეთესო საზომია თეფში. თეფშს თვალით ვყოფთ შუაზე. ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული, ასევე უნდა გვქონდეს ცილა და გარნირი. საუზმეზე შეიძლება იყოს ორი კვერცხის ომლეტი და პური, ან ყველის სენდვიჩი, ან ხაჭაპური. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ერთი ნაჭერი და არა - სამი. სადილზე შეგიძლიათ დიდი თეფშით ლობიო, ან ბოსტნეული, გარნირი და კატლეტი, ან ერთი თეფში წიწიბურა. ბოლო ორი კვება უმჯობესია იყოს ხორცი-ბოსტნეული. საღამოს რძის პროდუქტები არის ძალიან კარგი. თუ დილით 9-ზე ვსაუზმობთ, ბოლო კვებაც იქნება საღამოს 9 საათზე.“

„უარს ვამბობთ შაქარზე სუფთა სახით. უმჯობესია კარაქი გამონაკლის შემთხვევებში მივირთვათ. თუ არჩევანი გვაქვს მოხარშულსა და შემწვარს შორის, ავირჩიოთ მოხარშული. ნატურალური წვენიც აფერხებს წონის კლების პროცესს და თუ შეგიძლიათ უარის თქმა, თქვით უარი. გამონაკლის შემთხვევებში უნდა მივირთვათ მაიონეზი, ნამცხვარი. ერთადერთი, რისი არსებობაც უნდა დავივიწყოთ, არის ტკბილი გაზიანი სასმელები. ასეთი ტემპით თვეში 4 კილოგრამის დაკლება შეგიძლიათ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად