ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ტესტის მაქსიმალური ქულაა 42. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.