Baby Bag

„მე ვარ საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეშვიდე ვოლფრამის სინდრომიანი დედა,“ – 30 წლის სოფიკო ფარეხელაშვილი

გადაცემაში „პირადი ექიმი“ 30 წლის სოფიკო ფარეხელაშვილი ვოლფრამის სინდრომისა და დედობის გამოცდილების შესახებ საუბრობს:

“ძალიან რთულია უსინათლოდ ცხოვრება. დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან მიჭირს, დავდივარ ხელჯოხით, მყავს ძმა, რომელიც ზუსტად ჩემნაირად არის. დედა გვეხმარება როგორც გადაადგილებაში, ასევე დილაობით ანალიზებს გვიკეთებს, როცა დაგვჭირდება, გვიმზადებს საუზმეს, სადილს, ვახშამს, სადილს, გვივლის. მე ვარ სოფიკო ფარეხელაშვილი, 30 წლის, მაქვს ვოლფრამის სინდრომი. ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ სათემოში. მე ვარ საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეშვიდე ვოლფრამის სინდრომიანი დედა. დაოჯახების შემდეგ მინდოდა მყოლოდა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არ შეიძლებოდა, მწამდა და მჯეროდა იმის, რომ შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. ჩემმა შვილმა დადებითად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რაც უნდა გაბრაზებული ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, მოვა, მომეხმარება და ყველაფერი მავიწყდება."

სოფიკოს თქმით, მან ვოლფრამის სინდრომის მქონე ძმისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა:

„ნიკოლოზისგან ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. ვისწავლე ცხოვრება, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. მე ვიცი, რომ საქართველოში ვართ ოცი ვოლფრამის სინდრომიანი ადამიანი. მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება მეტად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ნერვებს. უნდა გწამდეთ, რომ მოვა დრო, როდესაც უკეთესად ვიქნებით, როგორც ჯანმრთელობით, ასევე ცხოვრებაში ყველანაირად.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, როდესაც ოჯახის ერთი წევრი უკრძალავს რაიმე ქმედებას, ხოლო მეორე უწონებს?

როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, როდესაც ოჯახის ერთი წევრი უკრძალავს რაიმე ქმედებას, ხოლო მეორე უწონებს?
როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, როდესაც ოჯახის ერთი წევრი უკრძალავს რაიმე ქმედებას, ხოლო მეორე უწონებს? - ამ საკითხზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, მაკო გაგნიძე.
„ბავშვის აღზრდა თანამედროვე ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ბავშვის პიროვნებად განვითარების პროცესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აღზრდის სტილს იყენებს ოჯახი. აღზრდის სტილი არის ის მეთოდი, რომლის გამოყენებითაც მშობელი ზრდის შვილს. აღნიშნული გულისხმობს შვილებისადმი დამოკიდებულებას, გარკვეული ტექნიკების და მეთოდების გამოყენებას, დაწყებული სიტყვიერი მოპყრობიდან, დამთავრებული სხეულებრივით. მშობლის, ოჯახის წევრების დამოკიდებულებას, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ის აუცილებლად იქონიებს გავლენას მის მომავალზე, ამიტომ გამოყენებული აღზრდის მეთოდი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალიზმის, ტემპერამენტის, მოთხოვნილებების და საჭიროებების გათვალისწინება.“
- ხშირად, ოჯახის წევრების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, როდესაც ერთი უხსნის ბავშვს, რომ ეს არასწორია, ხოლო მეორე, პირიქით, მოუწონებს, ბავშვი გაურკვევლობაში რჩება. როგორ აისახება ეს სამომავლოდ ბავშვის ქცევაზე?
- მოგეხსენებათ, რომ აღზრდის ყველა სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. თითოეული მათგანი ოჯახის წევრების მხრიდან განსხვავებულ დამოკიდებულებას და მიდგომას მოითხოვს. შესაბამისად, როდესაც არ არსებობს ერთიანი თანმიმდევრული მიდგომები, კონკრეტულად განსაზღვრული მკაფიო შეთანხმებული მოთხოვნები ოჯახის წევრების მხრიდან, მაგალითად, როდესაც ოჯახის ერთი წევრი უკრძალავს ბავშვს რაიმე ქმედებას და განუმარტავს, როგორც არასწორ საქციელს, მეორე კი მიუხედვად აკრძალვისა, ნებას რთავს და უწონებს აღნიშნულს. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს აღზრდის ქაოტურ სტილთან, ოჯახის წევრების არაპროგნოზირებადი ქმედებები და რეაქციები ართმევს ბავშვს სტაბილურობის განცდას, ყოველივე ეს კი პროვოცირებას უწევს იმპულსურობას, დაბნეულობას, გაურკვევლობას, შფოთვას, აგრესიულობას, უკონტროლოობას.
ყველა ბავშვს გარკვეულწილად სჭირდება სტაბილურობა და მასში არსებული კონკრეტული მითითებების არსებობა ქცევასთან და სიტუაციის შეფასებასთან დაკავშირებით. ოჯახის წევრების განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომები კი იწვევს აღნიშნულის დეფიციტს, ეს კი ბავშვს აყალიბებს დაუცველ, იმპულსურ, ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიულ, უკონტროლო პიროვნებად.
ასეთი აღზრდის სტილის დროს, ბავშვს ნაკლებად უვითარდება თვითკონტროლი, პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ თავთან, სხვებთან მიმართებაში, რაც უწიფრობას და დაქვეითებულ თვითშეფასებას გამოიწვევს.
- რას ურჩევდით, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს, რომ ბავშვს არ ჰქონდეს განცდა - მისი ოჯახი არ არის ერთიანი და ერთმანეთს არ სცემენ პატივს?
- ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ფორმირებაში. სწორედ ოჯახზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარება.
კვლევებმა ცხადყო, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილი განაპირობებს ბავშვის უკეთეს ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას.
ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს გავლენას, რომელშიც ის იზრდება. პასუხისმგებლობის და ადეკვატური სოციალური ქცევის მქონე პიროვნებად შედგომას კი მშობელთა დამოკიდებულებები განსაზღვრავს - ზრუნვა, სიმტკიცე, დისციპლინა. რა თქმა უნდა, აკრძალვები ყველა ბავშვის ცხოვრებაში არსებობს, ეს ბუნებრივი და საჭიროც კია, თუმცა უნდა იყოს წესების განსაზღვრული რაოდენობა და აუცილებელია მათ ეს მივაწოდოთ მოქნილად. ვეცადოთ, რომ მშობელთა მოთხოვნები არ ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის მოთხოვნებს, ხოლო უფროსებმა წესები შეათანხმონ ერთმანეთთან, რათა ბავშვს არ გაუჩნდეს ოჯახის არაერთიანობის განცდა და არ იფიქროს, რომ ოჯახის წევრები პატივს არ სცემენ ერთმანეთს და ერთმანეთის მოსაზრებებს. აღნიშნული წესების მიწოდება უნდა მოხდეს მეგობრული განმარტებითი ტონით (ბავშვის საჭიროების და ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით). „დასჯის“ შემთხვევაში სჯობს, მოვაკლოთ სასიამოვნო სტიმული, ვიდრე დავუმატოთ უსიამოვნო.

გარკვეული მოთხოვნების დროს იყავით მათ მიმართ ემპათიურნი. უთხარით, რომ ხვდებით  რა უნდა და თავს როგორ გრძნობს, ამა თუ იმ სიტუაციაში. დაეხმარეთ გამოსავლის ძიებაში, გარკვეული სირთულის დროს ჩაუნერგეთ რწმენა, დააიმედეთ (არა გადამეტებულად) მხარი დაუჭირეთ, გაამხნევეთ საკუთარი შვილები. ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად