Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„განმეორებითი დაინფიცირება ისევ ხდება. იმაში, რომ ძალიან მძიმდებიან მეორედ ან მსუბუქად მიდის, დიდი გამოცდილება არ გვაქვს,“ - მარინა ენდელაძე

„განმეორებითი დაინფიცირება ისევ ხდება. იმაში, რომ ძალიან მძიმდებიან მეორედ ან მსუბუქად მიდის, დიდი გამოცდილება არ გვაქვს,“ - მარინა ენდელაძე

ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვირუსი ძალიან საყურადღებოა, რადგან ის თავს იცავს და მუტაციებს განიცდის:

„მასიური არ არის რეინფიცირება.​ განმეორებითი დაინფიცირება ისევ ხდება. ძალიან საყურადღებოა ეს ვირუსი. ვირუსი იცავს თავს ჩვენგან. რატომ უნდა გვაჯობოს ვირუსმა? მუტაციებს აწარმოებს, იცვლება. ჩვენც რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ეს რეგულაციები არის აუცილებელი.“

მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ რეინფიცირებისას პაციენტების მდგომარეობა განსაკუთრებით არ მძიმდება:

„გვქონდა რამოდენიმე შემთხვევა რეინფიცირების, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არცერთი განსაკუთრებულად არ დამძიმებულა. იყო პაციენტი ისეთი, რომელსაც პირველად რომ შეხვდა, შედარებით მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ​მეორედ შედარებით მძიმე, მაგრამ საშუალო ან საშუალოზე მძიმე იყო და მდგომარეობა გაუმჯობესდა. იყო რეინფიცირების სხვა შემთხვევა, რომელიც კიდევ უფრო მსუბუქად წარიმართა. იმაში, რომ ძალიან მძიმდებიან მეორედ ან ძალიან მსუბუქად მიდის, დიდი გამოცდილება არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ რეინფიცირების შემთხვევაში კოვიდი ლეტალურად არ უნდა დამთავრდეს. ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. იყო რეინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ისინი ყველანი გაჯანსაღებულად გაეწერნენ.“

მარინა ენდელაძის თქმით, კოვიდის კლინიკური სიმპტომები არ შეცვლილა:

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისეთი განსაკუთრებული ჩივილები ყნოსვისა და გემოს დაკარგვასთან დაკავშირებით არ არის, ​მაგრამ მაინც აქვთ ეს ჩივილები. ვერ გეტყვით, რომ კოვიდმა რაიმეთი სახე იცვალა. კლინიკური გამოვლინება რეინფიცირება იქნება თუ მუტირებული შტამი ამ ეტაპზე იგივეა, იმიტომ, რომ ყველა პაციენტს თავისებურად ჰქონდა კოვიდი.“

„რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებული, შემდგომ კონტაქტები მეტია და ასე დაიწყო მეორე ტალღაც. მაშინ ვაფრთხილებდით ხალხს, რომ განსაკუთრებულად გვჭირდებოდა რეკომენდაციების დაცვა. ​ალბათ, დაიწყო მესამე ტალღა. მაინც გარკვეულწილად შეგვიძლია ჩვენ შევაჩეროთ ეს ტალღა, რომ არ იყოს მასიური ახალი შემთხვევები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად