Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სამი წერტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს ეწყება ხერხემლის გამრუდება,“ - რეაბილიტოლოგი დავით ბალხამიშვილი

„ეს სამი წერტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს ეწყება ხერხემლის გამრუდება,“ - რეაბილიტოლოგი დავით ბალხამიშვილი

რეაბილიტოლოგმა დავით ბალხამიშვილმა ხერხემლის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პათოლოგიების მიზეზი, შესაძლოა, ნაყოფის არასწორი განვითარებაც იყოს:

„ხერხემლის პათოლოგიების მიზეზი შეიძლება იყოს მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის არასწორი განვითარება, შემდგომში ინფექციური დაავადებები, რომელიც შეიძლება ბავშვმა გადაიტანოს, თუ მან​ დააზიანა ძვალსახსროვანი სისტემა. შემდეგ მოდის უკვე პასიური ცხოვრების რეჟიმი, დიდხანს ჯდომა, ძლიერი ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, როდესაც სამშენებლო კომპანიაში მუშაობს ადამიანი."

დავით ბალხამიშვილმა სქოლიოზით გამოწვეული გართულებების შესახებაც ისაუბრა და ბავშვებში ხერხემლის გამრუდების გამომწვევი ძირითადი მიზეზებიც დაასახელა:

„ხერხემლის გამრუდება, იგივე სქოლიოზი, შემდგომში იწვევს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი და ა.შ. ბავშვებში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნაყოფის არასწორი ჩამოყალიბება. ასევე მოზარდობის პერიოდში, როდესაც ბავშვი პასიურია, იხრება, არასწორად ზის, ​სიმძიმეებს ატარებს, როდესაც კუნთოვანი სისტემა არ ვითარდება, ეს იწვევს სქოლიოზის განვითარებას.“

„ძალიან მარტივია, რომ მშობელმა ეს გააკონტროლოს. ​მშობელმა ფეხზე უნდა გახადოს ბავშვს, დააყენოს სწორად, გახადოს ზემოდან. ბავშვს შიშველ ტანზე ზურგიდან თუ შეხედავს, შეამჩნევს, რომ თუ გამრუდება მიდის, ერთი მხარე უფრო ქვემოთ არის ჩაწეული, ვიდრე მეორე. უკანა მხარეს ბეჭიც უფრო ჩაწეულია. მკერდსაც თუ შეხედავს, იმ მხარეს, რომელიც დაწეულია, მკერდიც დაწეულია. ეს სამი წერტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს ეწყება ხერხემლის გამრუდება. ეს არის უკვე სიგნალი, რომ მიაკითხონ სპეციალისტს,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით ბალხამიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად