Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წნევა არ არის 130:80-ზე ზემოთ, წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია,“- ნინო კიკნაძე

„თუ წნევა არ არის 130:80-ზე ზემოთ, წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია,“- ნინო კიკნაძე

თერაპევტმა ნინო კიკნაძემ არტერიულ წნევაზე ამინდის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წნევის ცვალებადობა მხოლოდ მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული:

„რატომ მწვავდება გაზაფხულზე პრობლემა? მხოლოდ მეტეოროლოგიური ფაქტორების გამო კი არ არის. თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მას არ ეშინია არც გაზაფხულის და არც სხვა სეზონის. ზამთარში უფრო უმოძრაოდ ვართ. ზამთარში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ ბევრი ხილი-ბოსტნეული. ​ვიკვებებით ნაჯერი ცხიმებით, ნახშირწყლებით. ამინდის ცვალებადობა გაზაფხულზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას. ჯანმრთელ ადამიანს ეს პრობლემა დიდად არ ეკარება, იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის ძალიან კარგი უნარი.“

ნინო კიკნაძის თქმით, არტერიული წნევის მატების ერთ-ერთი რისკი ასაკის მატებაა:

„ასაკის მატება არის რისკი არტერიული წნევის მატების. ირღვევა ის მექანიზმები, რომლებიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში. უკვე 18 წლის ასაკიდან ადამიანმა უნდა დაიწყოს წნევის გასინჯვა. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოთ წნევა. თუ თანმხლები პათოლოგიებია, უფრო ხშირადაც კი. ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტებს, რას იღებს ადამიანი. შეიძლება, რომ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდეს. წნევის გაზომვის ტექნიკასაც აქვს მნიშვნელობა. თუ არასწორად იზომავთ წნევას, ამან შეიძლება ცრუ მაღალი წნევა გიჩვენოთ. ადამიანი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. მანამდე აღელვებული თუ არის, ჩვენ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და ჩვენი წნევაც მერყევია. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს სიგარეტი მოწეული, საკვები არ უნდა ჰქონდეს ახლად მიღებული. მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იჯდეს როგორც მინიმუმ 5 წუთი. იდაყვის ქვეშ ხელის ამოდება არ არის სწორი.“

„არტერიულ ჰიპერტენზიას სიმპტომები არ ახასიათებს, თუ არ არის 180:120-ზე ზემოთ. არტერიულ ჰიპერტენზიას თავის ტკივილთან აიგივებენ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს ​თავის ტკივილის სიხშირე არტერიული ჰიპერტენზიისა და ნორმალური წნევის მქონე პაციენტებში. აღმოჩნდა, რომ არანაირი განსხვავება არ იყო. მყოლია პაციენტები, რომლებსაც 200 აქვთ წნევა და საერთოდ ვერ გრძნობენ. შესაძლებელია იყოს რაღაც დისკომფორტი გულის არეში, გულის ფრიალი, კეფის არეში ტკივილი, მაგრამ ეს არ არის სპეციფიკური სიმპტომი და ამის მიხედვით არ უნდა მივიღოთ წნევის დამწევი.ხშირ შემთხვევაში ადამიანი ემოციურად გაღიზიანებულია, ამიტომ სტკივა თავი და არა იმიტომ, რომ წნევა აქვს. როდესაც წნევას იზომავს, მატება ფიქსირდება. წნევა არის შედეგი და არა მიზეზი თავის ტკივილის. თუ წნევა არ არის 130:80-ზე ზემოთ, ​წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. მით უმეტეს, თუ ამას ხელს უწყობს ის, რომ ეს სტრესის გამოა ან ზედმეტი კოფეინი მიიღო,“- აღნიშნულ საკითხებზე ნინო კიკნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


წაიკითხეთ სრულად