Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ,“ - ნანა ჩაჩუა

„მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლების ჰიპერმზრუნველობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია მისი გრძნობების ამოცნობა:

„ბავშვი წაიქცა, ტირის. ჩვენ ხშირად ასეთი ტერმინები გვესმის: „ადექი, გაიზრდები, დაგავიწყდება!“ „ბიჭი არ ხარ, რა გატირებს?!“ აქილევსიც ტიროდა და ტარიელიც, ხომ?! ტირილი ხომ შინაგანი მდგომარეობაა. თუ ჩვენ ბავშვის გრძნობას ამოვიცნობთ, ვკითხავთ: „გეტკინა ძალიან ხომ?“ თანაგრძნობისკენ მიჰყავხარ გრძნობის ამოცნობას. მოვიდა ბავშვი სკოლიდან უხასიათოდ, ცუდი ნიშანი მიიღო. ეკითხებით: „გეწყინა ცუდი ნიშანი რომ მიიღე, ხომ?“ თქვენ მასთან ხართ. ​მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ. პითაგორას ოთხი წლის განმავლობაში სკოლაში აკრძალული ჰქონდა კითხვის დასმა. რატომო, რომ ჰკითხეს, უპასუხა: ერთმა ბრიყვმა შეიძლება ისეთი კითხვა დასვას, ათმა ბრძენმა ვერ უპასუხოსო. ჭიქა რომ გატეხა ბავშვმა და ეკითხები რატომო, რა გიპასუხოს ბავშვმა?! დედამ უნდა უთხრას: „ეს შენ როგორ დაგემართა?!“ ამაში არის პოზიტიური შეფასება, ნდობა.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვს იმას ვასწავლით, რასაც ველაპარაკებით:

​რასაც ველაპარაკებით ბავშვს, იმას ვასწავლით. ჰიპერმზრუნველობის დროს, ბავშვს არ აქვს თვითეფექტურობა. თვითეფექტურობა არის, რომ მე ჩემი შესაძლებლობების მჯერა, ჩემი შესაძლებლობების ლიმიტი ვიცი. თუ ადამიანი თვითეფექტური არ არის, ამის საფუძველი ჩვენ ბავშვობაში ჩავდეთ ჩვენს შვილებში. პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ბავშვი ხალიჩაზე დახოხავს, ფორთხავს. მისი სათამაშო შევარდა სავარძლის ქვეშ. ბავშვი წვალობს. დედა ადგება და ეუბნება: „შენ არა,“ აიღებს სათამაშოს და მისცემს. ეს არის ნევროტულობა.“

„მშობლები როდესაც მოდიან და იწყებენ შვილებზე ლაპარაკს, დედა იწყებს ასე: „ჩვენ რომ სკოლაში შევედით,“ „ჩვენ რომ ეს ნიშანი მივიღეთ,“ ბავშვს არ უშვებს. უსმენ ამას და უკვე დასკვნა გაქვს, რომ ეს დედაც მსხვერპლია. ​პირველ შეხვედრაზე აუცილებლად დედასთან ერთად ბავშვთან ვარ. იმის რეპლიკები მაინტერესებს. გუშინ ბავშვი მომიყვანეს და დედას ვუთხარი: „თვენ უნდა იაროთ.“ ეს არის ძალიან ხშირად. მნიშვნელოვანია იმ მშობლის მშობელი ვინაა. ფსიქოლოგიაში სამწევრიან ურთიერთობას განიხილავენ. ბებია, დედა და მერე არის ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად