Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევანი კონკრეტულ პირობებში,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევანი კონკრეტულ პირობებში,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპის შესახებ ისაუბრა და თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„შეიძლება ჩვენ ვერ შევაფასოთ, ​რა არის ცუდი და კარგი, ამიტომ ცუდიც კარგი გვეგონოს და ჩვენი ბავშვები ასეთ ქცევაში წავახალისოთ. მეორეა, როგორ მოვახერხოთ მიუღებელი ქცევის ელიმინირება. მე პირადად ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩვენგან იგებს ბავშვი ამას. ჩვენგან ხედავს როგორ შეიძლება მანიპულირება, ფსიქოლოგიური ძალადობა, ​არ არის სავალდებულო, რომ დაარტყა ადამიანს. ბავშვთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევანი კონკრეტულ პირობებში. კონკრეტული პირობები არასდროს არის უსაზღვრო. მას აქვს ჩარჩო. ეს ჩარჩო ისედაც არსებობს, მაგრამ მშობელი ამატებს პირობას. აკრძალვა არ ხდება. უნდა შევუთანხმდეთ ბავშვს, რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ, რამდენი კიდევ რაღაც საქმის გასაკეთებლად და ამდენი ხანი გაატაროს კომპიუტერთან. ეს უნდა შეთანხმდეს შვილსა და მშობელს შორის. ეს შეთანხმება უნდა იყოს დაცული.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვის წახალისება ძალიან სასარგებლოა და ის კარგი ქცევის განმტკიცებას უწყობს ხელს:

„ცხადია, ჩვენ შეგვიძლია წავახალისოთ მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის, ცხრა წლის ასაკისაც. ჯილდო არ არის ცუდი რამ ჩვენი ტვინისთვის. ის შესაბამისი ქცევის ალბათობას ზრდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ წახალისება ბავშვს აღარ დასჭირდება. ​ჩვენი ქცევით ბავშვს ვაჩვევთ იმას, რომ მან არაძალადობრივი გზით მოახერხოს თავისი იმპულსის შეკავება, დაგეგმვა და თავისი ქცევის მართვა.“

თამარ გაგოშიძემ ადამიანის ტვინის განვითარების და კონკრეტული უნარების ჩამოყალიბების პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღმასრულებელი ფუნქციების შეძენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

„მე ვარ ნეიროფსიქოლოგი და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,​ როდესაც აღზრდაზე ვსაუბრობთ, რა ემართება ჩვენს ტვინს. ჩვენი ტვინი ძალიან სწრაფად განვითარებადია, თუმცა ზოგიერთი უნარი და თვისებები ძალიან გვიან ვითარდება. მოტორიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. შვიდი წლის ასაკში ბავშვს იგივე მოტორული უნარები აქვს, რაც შემდეგ 30 წლის ასაკში ექნება. არსებობს ერთი ადამიანური უნარი, რომელიც ჩვენ ადამიანობას გვანიჭებს - ეს არის ე.წ. აღმასრულებელი ფუნქციები. რა არის აღმასრულებელი ფუნქცია? იმისთვის, რომ მე ქცევა შევასრულო, ჩემ გარშემო არსებული ყველა გამღიზიანებელი უნდა შევაკავო და მიზნის შესაბამისად ვიმოქმედო. ჩემი ქცევა უნდა დავგეგმო, რაღაცები გადავავადო, თუ საჭიროა ეს მიზნის მისაღწევად.“

„აღმასრულებელი ფუნქცია არის მიზნის მიღწევა, მიზნის დასახვა, იმპულსის შეკავება, გადავადება, გადაწყვეტილების მიღება.​ ახლა შევხედოთ ჩვენს საზოგადოებას, ვიკავებთ იმპულსს, გადაწყვეტილებას ადეკვატურად ვიღებთ? ძალიან საინტერესოა მიკერძოებული აზროვნება, რომელიც ყველას გვახასიათებს. გვაქვს მენტალური მოდელი, რომელშიც ყველაფერს ჩასვამ, მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ, რომ შენი მენტალური მოდელის კრიტიკული ანალიზი მოახდინო. შენ შეგიძლია ყველაფერი მოაქციო შენს მენტალურ მოდელში, მაგრამ ეს არ იქნება რეალობა და არც სამართლიანი იქნება,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად