Baby Bag

როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა ხილს ნიტრატები? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ხილში ნიტრატების შემცველობის ამოცნობის წესებზე ისაუბრა:

„უმჯობესია, ყოველთვის ადგილობრივი პროდუქტები შევიძინოთ. ნამდვილად უნიკალური მიწა გვაქვს. ძალიან ნოყიერი მიწა გვაქვს, რომელსაც თითქმის ზედმეტი დამუშავება არ სჭირდება. უბრალოდ უფრო სწრაფად გვინდა მოსავალი მივიღოთ, უფრო დიდი და მიმზიდველი იყოს ნაყოფი. პესტიციდებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ზღვარი დადგენილია კანონმდებლობით. იმ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

ივნისში საზამთრო არ უნდა ვიყიდოთ, რადგან ვიცით, რომ ის ხელოვნურად არის დამწიფებული. სათბურში უფრო მეტად სჭირდება დამუშავება პროდუქტს. შევიძინოთ სეზონური ხილი. საზამთრო შევიძინოთ ივლისის ბოლოს. ნუ შევიძენთ ძალიან დიდ საზამთროს, რადგან ვიცით, რომ შეიძლება ნიტრატებით იყოს გაჯერებული. პომიდორს სქელი კანი თუ აქვს, ეს ნიტრატების აღმნიშვნელია. პომიდორში თეთრი ხაზებიც ნიტრატების აღმნიშვნელია.

თუ პომიდორს პომიდვრის არომატი არ აქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენების. სჯობს ვაშლი და ნებისმიერი ხილი იყოს ჭიანიც, რადგან თუ მას ჭია მიეკარა, ე.ი. ბავშვისთვის გამოდგება. ზოგჯერ ხილს რომ შეხედავ სურათი გგონია, იმდენად სრულყოფილია. არ უნდა იყოს ასე. ხილს თავისი ფორმა აქვს, ისეთი, როგორიც ბუნებამ აჩუქა,“ - მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ორგანიზმში იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ტყვიით მოწამვლა განვითარდეს,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

„ასეთ ორგანიზმში იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ტყვიით მოწამვლა განვითარდეს,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვების ტყვიით მოწამვლისგან დაცვის გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტყვიის წყაროდ ზოგჯერ წყალი და საკვებიც გვევლინება:

„წყალიც და საკვებიც შეიძლება გახდეს ტყვიის წყარო. დადგენილია, რომ თუ ძალიან დიდხანს იყო ძველი ონკანი ჩაკეტილი, ავზები, რომელშიც ასევე დიდხანს არის წყალი, შეიძლება გახდეს წყლის ტყვიით დაბინძურების წყარო. იქ, სადაც ძველი გაყვანილობებია, ცოტა ხანს მოუშვით წყალი, ვიდრე წყალს დალევთ. ზოგჯერ გვეზარება, რომ ავადუღოთ წყალი, ამიტომ ცხელი წყლის ავზიდან ვავსებთ ხოლმე წყალს და პირდაპირ იმას ვიყენებთ. არ დავიზაროთ, სჯობს, რომ ცივი წყალი ავადუღოთ და არ გამოვიყენოთ ავზში დაგროვილი ცხელი წყალი.​ აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია.“

მარი მალაზონიას თქმით, ტყვიის მთავარ სამიზნეს ბავშვები წარმოადგენენ:

​დადგენილია, რომ ბავშვები არის მაღალი სამიზნე. ყველა ის პროდუქტი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, რკინით, ბავშვებს მეტად იცავს ტყვიისგან. იმ ორგანიზმში, სადაც არის რკინის ნაკლებობა, ბავშვები, რომლებსაც აკლიათ C ვიტამინი, უფრო ადვილად ხდებიან ტყვიის სამიზნე.“

მარი მალაზონიამ იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბავშვების ორგანიზმს ცრუ კალორიების მოხმარება უქმნის:

„კვლევებით დადასტურდა, რომ თუ ბავშვები არიან ცრუ კალორიების მოხმარებაზე ორიენტირებულები, ი​ღებენ კალორიულ დატვირთვას, მაგრამ არ იღებენ საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, ბავშვები, რომლებიც სისტემატურად იღებენ გაზიან სასმელებს, მათ ორგანიზმში კალციუმის დონე არის დაქვეითებული. გაზიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალ ნახშირორჟანგს გამოაქვს გარეთ კალციუმი. ბავშვებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს მოიხმარენ, B1 ვიტამინის, ვიტამინ B6-ის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეთ. ასეთ ორგანიზმში იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ტყვიით მოწამვლა განვითარდეს.“

„ბავშვებთან დაკავშირებით არ დაგავიწყდეთ, რომ ​რკინის საუკეთესო წყარო არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, წითელი ხორცი, ღვიძლი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ის პროდუქტი, რომელიც გახლეჩისას გაშავდება, იჟანგება, ასევე შეიცავს რკინას. თქვენ შეგინიშნავთ, როგორ ადვილად გაშავდება ხოლმე ქლიავი. საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიუხედავად, ვაშლზე მეტია მასში რკინა, ატამში არის დიდი რაოდენობით რკინა, სოკოში არის რკინა. არ დაგავიწყდეთ ისპანახი, მამაპაპური, სხვადასხვაგვარად შეკმაზული. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად