Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული მოცემულობა უნდა მოვახერხოთ მოზარდთან ურთიერთობაში,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული მოცემულობა უნდა მოვახერხოთ მოზარდთან ურთიერთობაში,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მოზარდთან ურთიერთობაში სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სიყვარულისა და სიმკაცრის ერთდროული მოცემულობა უნდა მოვახერხოთ მოზარდთან ურთიერთობაში. თუ მშობელი დაკავებულია, სამსახურში დადის, აქ ნაკლებად ​განიცდება ბავშვის მიერ მშობლის უყურადღებობა. მოზარდი ყოველთვის გრძნობს, რომ შეიძლება მშობელი სადღაც იყოს, მაგრამ მისი სიყვარული რაღაც ფორმით მოედინება მისკენ. მშობლების ნაწილი არის ასე, განსაკუთრებით თბილისში, ბავშვები დგებიან სკოლაში წასასვლელად და დედას ისევ სძინავს. დედა რომ მძინარე ბავშვს ხელს შეახებს, ტაქტილური შეხებით რომ სითბოს აგრძნობინებს, საწოლთან ჩამოუჯდება, ეს იმხელა სითბოა. ამ სითბოს გარეშე ცხოვრებაში გასული ადამიანი სულ ეძებს ამ დაკარგული სითბოს მიღებას, მაგრამ ამ დაკარგულ სითბოს ვერსად ვერ იპოვი.“

ნანა ჩაჩუას თქმით, სიმკაცრე თანმიმდევრულობასა და პრინციპულობაშია:

„სიმკაცრე თანმიმდევრულობაში, პრინციპულობაშია. თუ ბავშვს რაღაც აქვს გასაკეთებელი და ჩვენ იქ თანმიმდევრულები ვართ, თუ იქ პრინციპულობას ვიჩენთ, თუ ჩვენი ცხოვრების წესში თავად პრინციპულობაა, ეს არის სიყვარულისადმი, ღირებულებებისადმი, ჩემი ცხოვრების წესისადმი ერთგულება, სადაც მე მკაცრი ვარ და იქიდან არ გადავუხვევ. სიმკაცრე არ არის სისასტიკე, ცხადია.​ სიმკაცრე და სისასტიკე განსხვავებულია. სიყვარული სიმკაცრეში აისახება და სიმკაცრე სიყვარულში აისახება, როდესაც მე ძირითადიდან, არსებითიდან არ გადავუხვევ.“

„სიყვარული არ არის „გენაცვალე, კარგი, შვილო.“ თუ სიყვარული და სიმკაცრე ერთმანეთთან მივა, ეს არის ის, რაზედაც დავით გურამიშვილი ლაპარაკობდა. მთავარი არის მშობლის ცხოვრების წესი. ეს არის ხმამაღლა სათქმელი დედების მიმართ. არაჩვეულებრივად პოულობენ გამოსავალს: „დეპრესიული ვარ, იმაზე გავბრაზდი“ და ა.შ. ​ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისთვის რაღაც არის გაღებული. გაღებულია ის, რომ მე დაღლილი ვარ და მაინც ამას ვაკეთებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითქვას ის, რომ მე შენ გამო ვაკეთებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ „ქართული არხის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ქართული არხი“

წაიკითხეთ სრულად