Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ,“ - ლელა ტყეშელაშვილი

„შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ,“ - ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ბავშვებში შიშის მართვისა და შიშების გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შიშმა ბავშვს არ უნდა შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში:

„ბავშვი ჩაკეტილი არ უნდა იყოს, ურთიერთობაზე უარს არ უნდა ამბობდეს, სწავლაში ხელი არ უნდა ეშლებოდეს, გარეთ გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.​ შეიძლება ბავშვის შიში მანიპულაციის საშუალება იყოს. ბავშვი დედას ვერ ხედავს ხშირად და შეიძლება, უნდა, რომ მასთან ერთად იყოს, მაგრამ ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ ამას არ გამოვეხმაუროთ. ბავშვების შემთხვევაში ძალიან კარგია ხელოვნების ნებისმიერი დარგის გამოყენება, განსაკუთრებით ხატვა.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, შიში არ უნდა დავივიწყოთ, ის პოზიტიური მეხსიერებით უნდა ჩავანაცვლოთ:

​ბავშვებს ეშინიათ, რომ საწოლის ქვეშ ვინმე არ იყოს, არის გუდიანი კაცი და ა.შ. იმის ნაცვლად, რომ ეს გავაჩეროთ, კომუნიკაციაში შევიყვანოთ ბავშვი. ხუმრობით წერილები მივაწერინოთ, რომ კარგი სიზმრები გამოუგზავნოს. კარგად დავათვალიერებინოთ ბავშვს გარემო, სადაც ის ცხოვრობს. შიში მეხსიერებაა, ეს მეხსიერება ჩვენ კი არ უნდა დავივიწყოთ, ის უნდა ჩავანაცვლოთ პოზიტიური მეხსიერებით. ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანმა ფიქრი ბოლომდე მიიყვანოს, არ შეეშინდეს შიშის განცდის ბოლომდე მიყვანის. შეჩერებული განცდები არსად არ მიდიან და გვახსენებენ თავს.“

„ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვტირით, რომ გვეშინია, იმიტომ გვეშინია, რომ ვტირით. ხანდახან შიშის გამოხატვა მეორადად აძლიერებს შენს ემოციებს. ხანდახან ბავშვებს ვეუნებით: „მოიქეცი ისე, რომ გარეგნულად შენი შიშის გამოხატულებები იყოს ნაკლები.“ ​ზოგჯერ ბავშვებს ვეუბნებით: „ნუ გეშინია, გააკეთე ეს!“ სჯობს, ვუთხრათ, რაც რეალობაა: „გეშინოდეს და მოდი, შიშის ფონზე გაბედე!“ ბავშვს თუ დაავალებ, რომ არ ეშინოდეს, მას ეს არ გამოუვა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად