Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი!“- ალექსანდრე ჯეჯელავა წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ

ტრენერმა, მენეჯმენტის სპეციალისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ ისაუბრა:

„წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების 12 ჯგუფია გამოყოფილი. ეს ჯგუფები სამ კატეგორიად არის და ამ სამ კატეგორიაზე ვისაუბრებ. პირველი არის წერა-კითხვის ცოდნა. ადრე ხომ იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. სამ რამეს მიენიჭა მნიშვნელობა, რომ ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი. ეს არის: ტექონოლოგია, ინფორმაციასთან მუშაობა და მედია წიგნიერება. მედიაში თუ ვერ გაერკვევი, რა ხდება, ცუდად არის საქმე. ეს სამი არის წერა-კითხვის კატეგორიაში. თუ პრიორიტეტებზე ვილაპარაკებთ, პირველი ეგ არის. სკოლამ უნდა მოხერხოს, რომ ეს წერა-კითხვის საფეხური უკვე დალაგებული იყოს.

შემდეგი უნარები არის სწავლის უნარები. 5 ჯგუფია, რომელიც უკავშირდება სწავლას. მათ შორის არის კრიტიკული აზროვნება და ისეთი უნარები, რომელიც საშუალებას გაძლევს ახალი რამ ისწავლო. ვთქვათ, ხარ 35 წლის და დაგჭირდა რაღაცის სწავლა, ადვილი არ არის, მაგრამ რაღაც უნარები გჭირდება, რომ ინფორმაცია დაამუშაო. მიზანდასახულობა გჭირდება, სტრესის დროს მუშაობის უნარები გჭირდება.

მესამე კატეგორია არის სოციალური უნარები, იმიტომ, რომ ჩვენ სოციუმში ვართ. მე ყველაფერი რომ ვიცოდე დედამიწის ზურგზე და არ გამომდიოდეს თქვენთან კომუნიკაცია, ნიჭი და ცოდნები ვერ გამოვლინდება. ამ კატეგორიაში არის კიდევ 4 უნარი. მათ შორის არის: გუნდური მუშაობა, ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ეს შენ საშუალებას გაძლევს, რომ ორგანიზაციაში, გუნდში, სამეზობლოში, ოჯახში იყო წარმატებული,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად