Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე სარტყელის გამოყენების წინააღმდეგი უფრო ვარ, ვიდრე ჭოჭინის,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ჭოჭინის გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჭოჭინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია:

„ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჭოჭინა საერთოდ აკრძალულია. ის აკრძალულია იმის გამო ,რომ ბავშვის ძვალ-სახსროვანი სისტემა განიცდის ცვლილებებს. მეორე სერიოზული მიზეზი არის ბავშვის ტრავმატიზაცია. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას. ბავშვს შეუძლია გადავარდეს სადღაც, ჩამოწიოს შეერთებული ცხელი უთო და დაიდოს ზედ, გადმოისხას ცხელი წყალი. ასე ვერ იტყვი, რომ ჭოჭინა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის გარკვეულ კომფორტს მშობელსაც უქმნის. თუმცა ამასთან დაკავშირებით მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ჭოჭინაში ბავშვი იატაკს ფეხებით უნდა ეყრდნობოდეს:

„ბავშვის ძვალ-სახსროვანი სისტემა სადღაც 6-9 თვიდან იწყებს განვითარებას უფრო ინტენსიურად და 9 თვის ასაკში ყალიბდებდა. ​ჭოჭინაში როდესაც დგას ბავშვი, ის აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს ფეხებით. ტრავმატიზაციას რაც შეეხება, გვქონდა შემთხვევა, რომ ბავშვმა ადუღებული ცხელი ჩაი გადაისხა ზედ და მიიღო სერიოზული დამწვრობა. ბავშვი ჭოჭინაში ვეღარ აკონტროლებს თავს და დაქრის.“

„როდესაც ვიყენებთ სარტყლებს, რომლის მომხრე მე სულაც არ ვარ, სარტყელს რომ გამოაბამენ ბავშვს და ატარებენ, ის იმართება ასეთ შემთხვევაში და ყურადღებას ადუნებს. უსაფრთხოების ზომები უკვე აღარ აქვს. ის დარწმუნებულია იმაში, რომ უკან მისდევს ვიღაც და მართავს, სიფრთხილეს კარგავს. მე ამის წინააღმდეგი უფრო ვარ, ვიდრე ჭოჭინის.სანამ გამოვიყენებთ ჭოჭინას, კენგურუს ან სარტყელს, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ახლა არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე. ჭოჭინაში ბავშვის ჩასმამდე აუცილებლად შევეკითხოთ ორთოპედს, რამდენად შეიძლება ბავშვის ჭოჭინაში ჩასმა,“ - აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად