Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად