Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 წლამდე ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან - პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ეკრანი, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. ეკრანთან ურთიერთობა ზღუდავს ბავშვის საშუალებას, რომ გარესამყაროსთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილი. შეიძლება ის ზღაპარს უყურებდეს, საუბარიც ესმოდეს, თუმცა ეს მის განვითარებას ძალიან აფერხებს. ეკრანდამოკიდებულება დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, მათი ქცევა და მათი განვითარება საკმაოდ ჩამორჩენილია. ამ ბავშვებს აქვთ აუტისტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები.

რა თქმა უნდა, ეკრანი არ განაპირობებს აუტიზმის განვითარებას. უბრალოდ ის იწვევს მეტყველების შეფერხებას, ქცევის შეფერხებას, ურთიერთობის უნარები არ აქვს ბავშვს და ის ისე იქცევა, ისე რეაგირებს გარესამყაროზე, როგორც ეს ხდება აუტიზმის დროს. ძალიან ხშირად ეს ხდება რთული განსასხვავებელი, არის ეს მხოლოდ ეკრანდამოკიდებულება, თუ ამის მიღმა კიდევ სხვა პრობლემა არის.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ორ წლამდე ბავშვებში უმჯობესია, თუ საერთოდ ეკრანთან არ ექნებათ არანაირი შეხება. ორი წლის შემდეგ დრო უნდა იყოს აუცილებლად ლიმიტირებული. სანამ ბავშვი წავა სკოლაში, 5 წლის ჩათვლით, ის ერთ საათზე მეტს არ უნდა ატარებდეს ეკრანთან. ეს ერთი საათიც არ უნდა იყოს გადაბმულად ერთი საათი. უნდა გავუყოთ 15-15 წუთად,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე Live” 

წაიკითხეთ სრულად