Baby Bag

ადელმა სწორედ ამ დიეტით მიიღო სასურველი შედეგი

ადელმა სწორედ ამ დიეტით მიიღო სასურველი შედეგი

სირტუინის დიეტა ევროპაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას არაერთი ცნობილი მიმდევარი ჰყავს. დიეტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი მისი ეფექტურობით არის გამოწვეული. ჩვენს სტატიაში სირტუინის დიეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, გაგაცნობთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ.


რა არის სირტუინის დიეტა?

სირტუინის დიეტა ცნობილმა ბრიტანელმა დიეტოლოგებმა შექმნეს. კვების რაციონი და გეგმა, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, ორგანიზმში სიგამხრდის გენის აქტივაციას უწყობს ხელს. დიეტის შემქმნელები სირტუინების შესახებ ჩატარებულ მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობიან. სირტუინი ცილაა, რომელიც ორგანიზმში 7 სხვადასხვა სახით გვხვდება. ის მეტაბოლურ და ანთებით პროცესებს წარმატებით არეგულირებს და ორგანიზმს სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება.

ზოგიერთი მცენარეული პროდუქტის მირთმევა ორგანიზმში სირტუინის მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის. თუ სირტუინის დიეტის მიმდევარი გახდებით, თქვენი საკვები რაციონის დაკომპლექტება სწორედ მსგავსი პროდუქტებით მოგიწევთ. დიეტოლოგებმა ორგანიზმში სირტუინის დონის ასამაღლებლად საუკეთესო 20 პროდუქტი დაასახელეს, ესენია:

  • ხუჭუჭა კომბოსტო
  • წითელი ღვინო
  • მარწყვი
  • ხახვი
  • სოიო
  • ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი
  • შავი შოკოლადი (85 % კაკაო)
  • მატჩას მწვანე ჩაი
  • წიწიბურა
  • კურკუმა
  • ნიგოზი
  • რუკოლა
  • წითელი წიწაკა
  • ცისკარა (სანელებელი)
  • სამეფო ფინიკი
  • ვარდკაჭკაჭა
  • მოცვი
  • კაპარი
  • ყავა

განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩეული საკვები პროდუქტები და დღიურად მიღებული კალორიების შემცირებული რიცხვი ორგანიზმში სირტუინების გამომუშავების პროცესს აჩქარებს. სირტუინის დიეტის წიგნში სპეციალური რეცეპტების გაცნობა შეგიძლიათ, რომელთა დახმარებით გემრიელი კერძების მომზადებას შეძლებთ, თუმცა აღნიშნული წიგნი ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთადერთი წყარო არ არის. დიეტოლოგები, რომლებმაც სირტუინის დიეტა შექმნეს, წონაში კლების მსურველებს არწმუნებენ, რომ ისინი ზედმეტ კილოგრამებთან გამოთხოვებას ძალიან სწრაფად შეძლებენ, ამასთან კუნთოვან მასასაც არ დაკარგავენ და ქრონიკული დაავადებების განვითარებისგანაც დაცული იქნებიან. სირტუინის დიეტის დასრულების შემდეგ, ყველა პროდუქტი, რომელსაც მიირთმევდით, შეგიძლიათ, თქვენს ყოველდღიურ რაციონში კვლავ ჩართოთ.

არის თუ არა სირტუინის დიეტა ეფექტური?

დიეტის შემქმნელები ადამიანებს საოცარი შედეგების მიღებას უწინასწარმეტყველებენ. მათი მტკიცებით, სირტუინების დამხარებით ორგანიზმში სიგამხდრის გენი გააქტიურდება, დიეტის მიმდევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ამასთან ისინი წონაში ძალიან სწრაფად და ეფექტურად დაიკლებენ. მიუხედავად დაპირებების სიმრავლისა, სირტუინის დიეტის ეფექტურობასთან დაკავშირებით საუბრისას მეცნიერული მტკიცებულებების მოშველიება ნამდვილად გაგვიჭირდება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სირტუინის დიეტა წონაში კლებას იმაზე მეტად უწყობს ხელს, ვიდრე სხვა დაბალკალორიული დიეტები. მართალია, მოცემულ დიეტაში შემავალი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არ არსებობს კვლევები, რომლებიც მხოლოდ აღნიშნული პროდუქტებისგან შემდგარი რაციონის ეფექტურობას დაამტკიცებდა. სირტუინის დიეტის წიგნში ერთ-ერთი კვლევის ანგარიშია წარმოდგენილი. მოცემულ კვლევაში 39 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ერთი კვირის განმავლობაში სირტუინის დიეტას იცავდნენ და ვარჯიშობდნენ. კვირის ბოლოს თითოეულმა მათგანმა წონაში დაახლოებით 3,2 კილოგრამამდე დაიკლო.

ერთი კვირის განმავლობაში 3,2 კილოგრამის დაკლება საოცარი შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვლევის მონაწილეები დღის განმავლობაში მხოლოდ 1000 კალორიას იღებდნენ და რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ვხვდებით, თუ როგორ მოახერხეს მსგავსი შედეგის მიღება. სირტუინის დიეტის წიგნში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში არ ჩანს, შეძლეს თუ არა მონაწილეებმა მიღებული შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნება. როდესაც ორგანიზმს კალორიების დეფიციტის რეჟიმში ვამყოფებთ, ის ენერგიის მარაგის მოხმარებას იწყებს. ენერგია ორანიზმში გლიკოგენის (რომელიც წყალთან ერთად ინახება) და ცხიმის სახით მარაგდება. როდესაც ენერგიის წყაროდ ორგანიზმი გლიკოგენს გამოიყენებს, თქვენ წონას დაკარგული წყლის ხარჯზე იკლებთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, გლიკოგენი წყალთან ერთად ინახება.

კალორიების დეფიციტის რეჟიმის პირველი ერთი კვირის მანძილზე ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ძირითადად წყლის, გლიკოგენისა და კუნთოვანი მასის ხარჯზე ხდება. როდესაც თქვენ კვების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებით, ორგანიზმი გლიკოგენის მარაგის შევსებას იწყებს და წონაში კვლავ იმატებთ. მიღებული კალორიების რიცხვის მკაცრად შეზღუდვა მეტაბოლიზმის სიჩქარესაც ამცირებს. დიეტის მხოლოდ 2-3 კვირით დაცვა თქვენს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებების განვითარებისგან ვერ დაიცავს, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი პროდუქტების რაციონში რეგულარულად ჩართვა. თქვენ დღესვე შეგიძლიათ სირტუინის დიეტაში შემავალი პროდუქტები თქვენს რაციონში შეიტანოთ, რათა ჯანსაღი საკვები მიიღოთ.

როგორ უნდა დაიცვათ სირტუინის დიეტა?

სირტუინის დიეტა 2 ფაზისგან შედგება. თქვენ დიეტას 3 კვირის მანძილზე იცავთ. ამის შემდეგ კი თავად წყვეტთ, როგორ მოიქცევით, განაგრძობთ კალორიების მიღების შეზღუდვას თუ კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებით. დიეტის ორივე ფაზისთვის საჭირო სპეციფიკური რეცეპტების მოსაძიებლად თქვენ სირტუინის დიეტის წიგნის წაკითხვა მოგიწევთ. ნებისმიერი კერძი, რომელსაც აღნიშნული 3 კვირის მანძილზე მოამზადებთ სირტუინების დონის ასამაღლებელი პროდუქტებით იქნება გაჯერებული. გარდა იმ 20 პროდუქტისა, რომელიც ჩვენ უკვე გაგაცანით, არაერთი სხვა პროდუქტის გამოყენებაც შეგიძლიათ. ყველაზე მეტად თქვენ მატჩას მწვანე ჩაის, წიწიბურას და ცისკარას სანელებლის გამოყენება დაგჭირდებათ. ამ უკანასკნელის შოვნა, შესაძლოა, გაგიჭირდეთ. დიეტის ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი მწვანე წვენია, რომლის გაკეთება თავდაპირველად თქვენ დღეში სამჯერ მაინც მოგიწევთ. მის მოსამზადებლად აუცილებლად დაგჭირდებათ წვენსაწური (ბლენდერი არ გამოგადგებათ) და სამზარეულოს სასწორი, რადგან ინგრედიენტების წონა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული.

  • მწვანე წვენის რეცეპტი
  • ხუჭუჭა კომბოსტო - 75 გრამი
  • რუკოლა - 30 გრამი
  • ოხრახუში - 5 გრამი
  • ნიახური - 2 ცალი
  • ჯანჯაფილი - 1 სმ
  • მწვანე ვაშლი - 1/2
  • ლიმონი - ½
  • მატჩას მწვანე ჩაი - ½ ჩაის კოვზი

მატჩას მწვანე ჩაისა და ლიმონის გარდა ყველა ინგრედიენტი წვენსაწურში მოათავსეთ და ჭიქაში ჩაწურეთ. ლიმონი ხელით გაწურეთ. მატჩას ფხვნილი და ლიმონის წვენი ჭიქაში ჩაწურულ წვენს ერთად დაამატეთ. თქვენი მწვანე წვენი მზად არის.

დიეტის პირველი ფაზა:

პირველი ფაზა 7 დღის მანძილზე გრძელდება. თქვენ კალორიების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზღუდავთ და ძალიან ბევრ მწვანე წვენს მიირთმევთ. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით თქვენ წონაში სწრაფად კლებას დაიწყებთ და ერთი კვირის მანძილზე დაახლოებით 3,2 კილოგრამისგან გათავისუფლდებით. პირველი ფაზის საწყისი 3 დღის მანძილზე დღის განმავლობაში ჯამში მხოლოდ 1000 კალორია უნდა მიიღოთ. თქვენ დღეში 3-ჯერ მწვანე წვენი უნდა მიირთვათ და მხოლოდ ერთხელ ისადილოთ. თქვენთვის სასურველი კერძის მოსამზადებლად წიგნში შემოთავაზებული რეცეპტები უნდა გამოიყენოთ. მეოთხე დღიდან მეშვიდე დღემდე დღიურად მიღებული კალორიების რიცხვი 1500-მდე უნდა გაზარდოთ. ამ ხნის მანძილზე თქვენ დღეში 2-ჯერ იკვებებით და ორ ჭიქა წვენს მიირთმევთ.

დიეტის მეორე ფაზა:

მეორე ფაზა ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში თქვენ წონაში კლება კვლავინდებურად უნდა განაგრძოთ. კალორიების რიცხვის შეზღუდვა მოცემულ ფაზაში არ მოგეთხოვებათ. დღის გამვალობაში საკვები სამჯერ უნდა მიიღოთ. მწვანე წვენის დალევა კი დღეში მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ. ამ შემთხვევაშიც კერძების მომზადებისას სირტუინის დიეტის წიგნში შემოთავაზებული რეცეპტებით უნდა იხელმძღვანელოთ.

რა ხდება დიეტის დასრულების შემდეგ?

წონაში კლების მიზნით დიეტის ორი ფაზის ხელახლა გამეორება შეგიძლიათ. თუ მიღებული შედეგით კმაყოფილი ხართ, ყველაფრის თავიდან დაწყება აღარ მოგიწევთ. ჯანსაღი კვების რეჟიმის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, პროდუქტები, რომლებსაც დიეტაზე ყოფნის დროს მიირთმევდით, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აქტიურად ჩართოთ. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მწვანე წვენის დალევა კვლავ განაგრძოთ და ეს ყოველდღიურად გააკეთოთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ სირტუინის დიეტის წყალობით ცხოვრების წესს მთლიანად შეიცვლით, რაც გაცილებით ეფექტური შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ, ვიდრე დროებითი დიეტა.

უნდა ჩავთვალოთ თუ არა სირტუინის შემცველი პროდუქტები სუპერსაკვებად?

დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სირტუინის შემცველი პროდუქტები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. კვლევებით დასტურდება, რომ სირტუინის დიეტაში შემავალი რამდენიმე პროდუქტი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მაღალ პროცენტიანი შავი შოკოლადის ნორმალური დოზებით მირთმევა თქვენ გულის დაავადებების განვითარებისგან დაგიცავთ და ანთებითი პროცესების პრევენციაშიც დაგეხმარებათ. მწვანე ჩაი ინსულტისა და დიაბეტის რისკებს ამცირებს, ასევე სისხლის წნევას არეგულირებს. კურკუმა ერთ-ერთი საუკეთესო ანთების საწინააღმდეგო პროდუქტია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში სირტუინის დონის გაზრდა მათზე დადებითად ზემოქმედებდა და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდიდა. კვლევებით ასევე დგინდება, რომ ორგანიზმში სირტუინის დონის მატება ცხიმის წვის პროცესს ასტიმულირებს. სირტუინის დახმარებით მიღებული კალორიების რიცხვის შემცირებისას ორგანიზმი ენერგიის წყაროდ ცხიმს იყენებს და არა გლიკოგენს. რამდენიმე კვლევით დადასტურდა, რომ სირტუინი ალცჰაიმერის დაავდების პრევენციასაც უწყობს ხელს.

ადამიანის ჯანმრთელობაზე სირტუინების ზეგავლენის სიღრმისეულად შესასწავლად რამდენიმე ფართომასშტაბიანი კვლევა იგეგმება. აღნიშნული კვლევების შედეგების გაცნობის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება უნდა მივიჩნიოთ თუ არა სირტუინის შემცველი პროდუქტები სუპერსაკვებად.

სირტუინის დიეტის გვერდითი ეფექტები და უსაფრთხოება

სირტუინის დიეტის პირველი ფაზა კალორიების რაოდენობას საკმაოდ ზღუდავს, მიუხედავად ამისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის მოცემული რეჟიმით კვება საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ დიაბეტი გაქვთ, ერთი კვირის მანძილზე მწვანე წვენის სმა და მიღებული კალორიების დაბალი რიცხვი, სისხლში შაქრის დონის სერიოზული ცვლილებების გამოწვევის გამო, თქვენს ჯანმრთელობას ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის. გარკვეული სახის გვერდითი ეფექტებისგან არც ჯანმრთელი ადამიანები არიან დაზღვეული. დღის განმავლობაში 1000-1500 კალორიის მიღება ნებისმიერ ადამიანს შიმშილის მოჭარბებულ გრძნობას გაუჩენს. დიეტის საწყის ეტაპზე თქვენ ძირითადად წვენს მიირთმევთ, რის გამოც ორგანიზმს ბოჭკოთი ვერ ამარაგებთ. დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნების გაჩენისთვის თქვენ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები გჭირდებათ.

დიეტის პირველი ფაზის განმავლობაში თქვენ, შესაძლოა, დაღლილობამ, ადვილად გაღიზიანებადობამ და თავბრუსხვევამ შეგაწუხოთ, რაც მიღებული კალორიების არასაკმარისი რაოდენობით იქნება განპირობებული. მიუხედავად უსიამოვნო შეგრძნებებისა და გარკვეული სახის გვერდითი ეფექტებისა, ნუტრიციოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის სირტუინის დიეტის 3 კვირის მანძილზე დაცვა საფრთხეს არ წარმოადგენს.

მომზადებულია ​healthline.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

​როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა

​როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა

როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა. 

- რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს კანის მოვლის რუტინა?

- სახის კანი ასახავს სხეულის ზოგად მდგომარეობას. კანის ყოველდღიური მოვლა სათანადო კვების გარეშე წარმოუდგენელია. დაბალანსებული კვება გვეხმარება მრავალი პრობლემის გადაჭრაში. ზოგჯერ აკნე, შავი და თეთრი კომედონები ჩნდება, მარილიანი, ცხიმოვანი, ცხარე-მწარე და შემწვარი საკვების მიღების შემდეგ. როგორც კი ვიწყებთ ჯანსაღ და სწორად კვებას, კანის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება. სახის კანის სწორი მოვლის საფუძველი ჯანსაღი ცხოვრების წესია. კანის მოვლის რუტინა ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება: 

  1. კანის გასუფთავება, ტონირება;
  2. დამატებითი გასუფთავება, ტენიანობა;
  3. ზედაპირის დარბილება და დატენიანება.

- როგორი უნდა იყოს დილის და ღამის კანის მოვლის რუტინა და ძირითადად, რა შემადგენლობა უნდა ჰქონდეს პროდუქტებს, რასაც რუტინაში ჩავრთავთ?

დღის რუტინის მთავაზი მიზანი ჩვენი კანის ბუნებრივი ფუნქციონირების შენარჩუნება და დაცვაა იმ გარემო ფაქტორებისგან, რომელიც ძალიან აგრესიულად ცდილობს სტრუქტურის დაზიანებას (გამონაბოლქვი, სტრესი, მტვერი, მავნე ჩვევები და სხვა). კანის დაბანა და გასუფთავება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტონერი აცოცხლებს, ატონიზირებს კანს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ეხმარება მას უკეთ აითვისოს აუცილებელი კომპონენტები.

დატენიანებასთან დაკავშირებით მუდმივი კითხვაა: შრატი თუ დამატენიანებელი კრემი? - ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტია. შრატი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელშიც დიდი დოზით შედის კონცენტრირებული აქტიური ინგრედიენტები. გარდა ამისა, ძლიერი ანტიოქსიდანტური შრატი საჭიროა დღის განმავლობაში აგრესიული დაზიანებისგან დასაცავად. ძირითადად, შრატი შედგება შემდეგი ნივთიერებებისან: ჰიალურონის მჟავა - ძლიერი დატენიანებისა და ჰიდროლიპიდური ბალანსისთვის; ვიტამინი C - ანტიოქსიდანტი და კანის ზოგადი ფერის გაუმჯობესებისთვის; რეტინოლი, ვიტამინი B და პეპტიდები - კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირებისთვის. სწორედ ეს ნივთიერებებია აუცილებელი დაბერების ნიშნების პრევენციისთვის. დღისა და ღამის კრემი ყველაზე აუცილებელია და სწორად უნდა იქნეს შერჩეული. კრემი, რომელსაც დილით ვიყენებთ შეიცავს კანის ძლიერი დაცვის კომპონენტებს. სახლიდან გასვლის შემდეგ ეს პროდუქტი გვიცავს, როგორც დაბინძურებისგან, ასევე მზის მავნე UV გამოსხივებისგან. ძირითადად მსუბუქი კონსისტენციით გამოირჩევა და ატენიანებს კანს დღის განმავლობაში. რაც შეეხება ღამის კრემს, მეტად მიმართულია კანის სტრუქტურის აღდგენაზე, გამოირჩევა სქელი ტექსტურით, რათა ღამის განმავლობაში ძლიერად აღადგინოს ტენიანობის ბალანსი და შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში.

თუ გვაწუხებთს თვალის გარშემო სიმშრალე, ჰიპერჰიგმენტაცია, მუქი წრეები, არსებობს თვალის გარშემო გამოსაყენებელი კრემებიც.

კანის ყოველდღიური რუტინა ამინდებისა და სეზონის შესაბამისად შეიძლება გადავაწყოთ. ძლიერი მზისგან დამცავი და თხელი დამატენიანებლები გვერდზე გადავდოთ და უფრო მეტად გამოვიყენოთ კოლაგენით მდიდარი დატენიანებლები, რადგან შემოდგომაზე კანი შრება და ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.

ქარიან და გრილ ამინდებში ტუჩის თხელი, ნაზი კანის მოფრთხილებაა საჭირო. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ დღეში ორჯერ ტუჩის ბალმი. ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ექსფოლიატორები და ამქერცლავი ნიღბები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომშრალ კანს, დამსკდარ ზედაპირებს და მუდმივ გამონაყარს ვერ გადაურჩებით.

ასევე კანის მოვლაში გასათვალისწინებელია კანის ტიპი. ვინაიდან არასწორმა მოვლამ შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ლოყები და საფეთქლები ნორმალურად იყო დატენიანებული – გამოშრეს, ხოლო თუ ისედაც მშრალი იყო – გაუხეშდეს, აიქერცლოს და გაღიზიანდეს. გამომშრალი კანი კი, როგორც ვიცით, კარგავს ელასტიკურობას, ნაოჭდება და მალე ბერდება. T ზონის არასწორი მოვლის შედეგია დახშული ფორები, ფერიმჭამელები, ჩირქოვანი ელემენტები, რომლებიც გართულების შემთხვევაში შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს.

- როგორი უნდა იყოს კანის მოვლის რუტინა 40 წლიდან?

- 40 წლიდან სასურველია დამატენიანებელი კრემი შეიცავდეს:

1. მზისგან დამცავ კომპლექსს. უმჯობესია, მისი SPF, სულ ცოტა, 30 იყოს. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;

2. ჰიალურონის მჟავას – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;

3. C და E ვიტამინებს – უზრუნველყოფს კანის დაცვას მავნე ზემოქმედებისგან.

- დამატებით რას ურჩევდით მკითხველს?

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ კანის მოვლა არაა მარტივი პროცესი და პაციენტმა თვითონ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ მოუაროს კანს. ყოველთვის საჭიროა დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა შეაფასოს მისი კანის მდგომარეობა და მან მისცეს რეკომენდაციები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად