Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„4 კილო და 600 გრამი დავიბადე, სახელიც ექიმებმა დამარქვეს,“ - აფხაზეთის ომის დროს ჭუბერის გზაზე დაბადებული გოგონას დაუჯერებელი ისტორია

ომის დროს ჭუბერის გზაზე დაბადებულმა ნინი აფრასიძემ თოქ-შოუ „პროფილში“ მადლობა გადაუხადა იმ ექიმს, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა:

„დედა, მამა და ბებო ომის დროს დრანდაში იყვნენ. დედას მალე უნდა ემშობიარა. დრანდიდან მანქანით სვანეთში წავიდნენ. ცოტა ხანს გვანდრაში იყვნენ. მერე გაიგეს, რომ ფრენები იყო საკენიდან ჭუბერში, სადაც დედა ნათესავის სახლში უნდა მისულიყო. საკენში რომ მივიდა დედა, უჰაერობა აწუხებდა. თვითმფრინავში ბევრი ხალხი იყო და არ ჩაჯდა. 10 წუთში ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ჭუბერში მეორე თვითმფრინავით გადაფრინდნენ. იქ მამაჩემის ბიძის სახლს ეძებდნენ. ძალიან ბევრი იარეს ფეხით, როგორც დედა ამბობს, დაახლოებით 10 კილომეტრი გაიარეს ფეხით. ამ დროს მამა არ იყო მასთან ერთად. დედა მას ჭუბერში უნდა დალოდებოდა, რომ მერე ერთად წამოსულიყვნენ. როგორც ბებო ამბობს, 10 დღის განმავლობაში ჭუბერში ყოფილან. დედას მალე ტკივილები დაეწყო. ჭუბერის ცენტრში გადაიყვანეს, დანგრეულ შენობაში მიუყვანიათ, უთქვამთ, რომ ექიმები იქ ელოდებოდნენ. დედას კარი რომ გაუღია, დაუნახავს, რომ ოთახში მარტო მამაკაცები იყვნენ. დედამ კარი გამოიხურა და გამოვიდა. ამ დროს გარეთ ერთი ექიმი გამოსულა, რომელსაც მე დღემდე ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ დედა კაცი ექიმის წინააღმდეგი იყო, მან საბოლოოდ მაინც დაითანხმა მშობიარობაზე. მართალია, შენობაში პირობები არ იყო, მაგრამ ყველაფერი სწრაფად მოუწესრიგებიათ.“

ნინი აფრასიძე ომის დროს გზაზე დაბადებულ ახალშობილებს შორის ერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა, რაც, მისი თქმით, ექიმების დამსახურება იყო:

„4 კილო და 600 გრამი დავიბადე, დედას მშობიარობა ცოტა გაურთულდა. სახელიც ექიმებმა დამარქვეს. თვალები ვერ გამიხელია, იმდენი გააკეთეს, რომ ჭუბერიდან ქუთაისში გადმოგვაფრინეს. დღეს ასეთი ექიმები ძალიან იშვიათია. ამიტომ მინდა ის ადამიანი ვიპოვო, ვინც დედა ამშობიარა. მან ბევრი გააკეთა დედასთვის და ბებიასთვის. რომ არა ის ექიმი, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ გინეკოლოგის სახელი და გვარი დავით ქაჯაიაა.“

„პროფილში“ ნინი აფრასიძეს იმ ექიმის პირადად ნახვის შესაძლებლობაც მიეცა, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა. დავით ქაჯაიამ აღნიშნა, რომ მას ნინის დაბადების ამბავი არასდროს დავიწყებია:

„ეს ის შემთხვევაა, რომელიც არათუ მე, არცერთ იქ მყოფ ადამიანს არ დაავიწყდება. მე ომის მონაწილე ვარ, სამხედრო ექიმი ვიყავი, მოხალისედ წავედი. როდესაც დევნილების ნაკადი წამოვიდა, ჩვენ მათ სამედიცინო დახმარებას ვუწევდით. მაშინ 25 წლის ვიყავი. მართალია ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გამოცდილება მქონდა.

„პირობები, რა თქმა უნდა, არასახარბიელო იყო. ეს მშობიარობა ჭუბერის სასოფლო ამბულატორიაში მივიღეთ. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ნინო მეძებდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ერთი ახალგაზრდა გოგონა ვერ გადაარჩინეს, რომელსაც ნინო ერქვა. გოგონა გაიყინა. მათ მთხოვეს, რომ თუ გოგო დაიბადებოდა, ნინო დაგვერქვა. ჩვენ მათი თხოვნა შევასრულეთ და იმ შეწყვეტილი სიცოცხლის გასაგრძელებლად ახალშობილს ნინო დავარქვით.“ - აღნიშნა დავით ქაჯაიამ.

წაიკითხეთ სრულად