Baby Bag

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში,“- ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძემ წონაში კლების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა:

„რაც უფრო შიმშილობენ, მით უფრო ნაკლებად იკლებენ წონაში. არარაციონალური კვება და ჭარბად ცხიმისა და ტკბილის მიღება იწვევს წონაში მომატებას. უფრო მინდა ყურადღება გავამახვილო არასწორ დიეტებზე. რაც უფრო მწირია დიეტა, რაც უფრო ნაკლებად მრავალფეროვანია, მით უფრო რთულდება წონაში კლება. როდესაც ორგანიზმი ხედავს, რომ მისთვის საჭირო ძვირადღირებული საწვავი, როგორიც არის კარგი ცხიმი, ნახშირწყალი, კეთილი ცხიმები,  ვიტამინები ცოტა შემოდის, მას ერთვება შიში, პანიკა. ორგანიზმი ცდილობს ცხიმის მობილიზებას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პრაქტიკულად შიმშილობს, წონაში კლება აღარ ხდება.

ასეთი მითიც არის, რომ პაციენტს ეშინია ვიტამინის მიღება. ფიქრობს, რომ წონაში მოიმატებს, მადას მოამატებინებს. თუ არის ვიტამინის დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლა ისე სწრაფად აღარ წარიმართება. ყველა ვიტამინი კი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, არამედ კონკრეტულად ის ვიტამინი, რაც აკლია. ავიღოთ რკინადეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტი ავითარებს ჟანგბადის უკმარისობას ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ჟანგბადის უკმარისობაა, ჩვენი ორგანიზმი გვთხოვს, რომ შაქარი მაინც მომეცი, თუ ჟანგბადი არ მაქვს, რკინა არ მაქვს. ამ დროს ძლიერდება მოთხოვნილება საკვებზე, ტკბილზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. დიეტოთერაპია არ მოიცავს მხოლოდ საკვები რაციონის ცვლილებას. ის მოიცავს სწორ კვებას, სითხით დატვირთვას, ფიზიკური აქტივობით დატვირთვას და მოწესრიგებულ ძილს. ეს ჯამში არის სწორი, რაციონალური კვება,“- მოცემულ საკითხზე ნინო ლომთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„უჭმელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ,“ - ყარამან ფაღავა

„უჭმელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში უჭმელობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უჭმელობა მნიშვნელოვანი სიმპტომი და ჩივილია:

„უჭმელობა არის სიმპტომი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, ჩივილი. ავადმყოფთა მასივში ერთ-ერთი წამყვანი ჩივილი ეს გახლავთ. მეორე ამბავია, ​ეს ნამდვილად არის უმადობა და უჭმელობა, თუ მშობელს მიაჩნია, რომ ასეა?! მშობლებს უნდათ, რომ ბავშვები წონაში მომატებულები იყვნენ. არადა არ არის სასურველი, რომ ბავშვი ჭარბი წონის იყოს. მამაჩემი, ცნობილი პედიატრი, ირაკლი ფაღავა ამბობდა, ბიჭს ნეკნები უნდა უჩანდესო. ნორმის ფარგლებში უნდა იყოს გოგონაც და ვაჟიც. ვაჟი სჯობს, ნორმაზე ცოტა დაბლა იყოს და გოგონა ზედა საზღვარზე. ცხიმი არის წყარო ქალის ჰორმონების, ესტროგენების წარმოქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდობის პერიოდში.“

ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ღიზიანდებიან, როდესაც ბავშვები არ ჭამენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, როგორ ვითარდება ბავშვი:

​მშობელს ძალიან აღიზიანებს, თუ ბავშვი არ ჭამს. მას ეჩვენება, რომ სხვა უფრო მეტად ჭამს. მთავარი ის კი არ არის, რამდენს ჭამს ბავშვი. მთავარია, როგორ მატულობს, როგორ ვითარდება ბავშვი. განვითარება წონაში მატება კი არ არის მხოლოდ. ეს არის ფსიქო-ემოციური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, სქესობრივი განვითარება, აგრეთვე არის თუ არა ე.წ. ნუტრიციული დაავადებები. მათ შორის წამყვანი არის ანემია, ჰიპოვიტამინოზები, წონის დაქვეითება, ცილის დაქვეითება. მშობლის ჩივილს ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ. უხილავი სიმები არის დედასა და შვილს შორის. შეიძლება ბავშვი გარეგნულად შესანიშნავია, არავითარი ჩამორჩენა არ აქვს, არც ნუტრიციული დაავადება აქვს, მაგრამ შეიძლება მომავალში განვითარდეს.“

ყარამან ფაღავამ მოზარდებში უჭმელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა:

„როდესაც არ ჭამს ბავშვი, მით უმეტეს, მოზარდი, აქ არის ორი მომენტი. ერთი არის ფსიქოლოგიური სტრესი, ეშინია გასუქების. ​არის ზოგიერთი, რომ ზოგიერთი საკვები მოსწონს, ზოგიერთი ნაკლებად მოსწონს. ბავშვი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ სხვადასხვა საკვებს. მნიშვნელოვანია გემრიელად მიღება საკვების, ლამაზად სუფრის გაშლა, სილამაზე უნდა იყოს.“

„ბავშვი თევზს რომ არ ჭამს, ეს მაინც ჩვევაა. უნდა შევაჩვიოთ მაგალითით. თევზი შესანიშნავი საკვებია. უცნაური ამბავია, ზღვისპირა ქვეყანა ვართ, უშუალოდ ზღვისპირა რეგიონებშიც კი თევზს მაინცდამაინც ხშირად არ მიირთმევენ. ეს გასაოცარი ამბავია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზღვის პროდუქტი მაქსიმალურად შემოვიტანოთ რაციონში. რაც შეეხება ხილს, ხილზე ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ ეს მიუჩვევლობის ბრალია, ზოგჯერ, შესაძლოა, ფრუქტოზის აუტანლობაც იყოს. ბავშვი დისკომფორტს განიცდის. ამიტომ ​ნუ დავაძალებთ ბავშვს ხილის მირთმევას. პედიატრიაში ზოგჯერ ვეტერინარულ მიდგომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბავშვს ვაწვდით საკვებს და რასაც მიირთმევს, როგორც ჩანს, მას ეს უფრო მეტად ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად