Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნულ მუზეუმში პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში:

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებით და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ პროექტში უკვე ჩაერთო ათასობით ბავშვი. სექტემბრიდან ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომ ამ ინიციატივაში 10 ათასობით მოსწავლე ჩაერთოს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის წარდგენისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის - „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ. პროგრამის განხორციელება მაისიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე თბილისის სხვადასხვა სკოლის VII-XI კლასის 808 მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა - „სკოლა თეატრში“ ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები. მაისიდან პროგრამა საპილოტე რეჟიმში კოტე მარჯანიშვილის, ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის თეატრებში ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 4000-მდე მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა „კინო სკოლაში“ კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს. ჩვენების ბოლოს მოეწყობა დისკუსია. ჩვენებების ორგანიზებასა და სკოლებში კვალიფიციური კინოსპეციალისტების მივლენას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

წაიკითხეთ სრულად