Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან, ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. 

„სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება. დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებიის ცნობით, ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება:

  • ტესტირების ჩატარების განრიგი;
    • ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ - დავალებათა ტიპები და რაოდენობა;
    • მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.
  • წაიკითხეთ სრულად