მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება
დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ავრცელებს.
უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.
მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.
ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.
დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.