მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე
„განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნება ყველას,“ - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადაცემა „იმედის დღეში“ დასმულ კითხვას - თუ არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი და ახლა გადის გამოცდაზე, ექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ შემოდგომაზე კვლავ გავიდეს გამოცდაზე?
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის ერთჯერადი, წელს მიღებული გადაწყვეტილება.
ირინა აბულაძემ იმ საპენსიო ასაკის მასწავლებლებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გამოცდაზე გადიან.
„საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გადიან გამოცდაზე, თუ არ იქნებიან კმაყოფილი შედეგით, ან დააკმაყოფილებთ შედეგი, მაგრამ გადაიფიქრებენ და ენდომებათ ჯილდოს მიღება, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ 2019 წლის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ორ ეტაპად - ზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.