მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„თუ პედაგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება“
„თუ პედაგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
მინისტრმა წარმატებული სკოლის კომპონენტები დაასახელა და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, პედაგოგებისთვის სათანადო ეკონომიკური პირობების შექმნა და ხარისხიანი სახელმძღვანელოები.
„რისგან შედგება წარმატებული სკოლა. პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურა, ამაში იგულისხმება არამხოლოდ მოწესრიგებული გარემო, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, კომპიუტერული სივრცეები, ლაბორატორიები. მეორე ეს არის - სახელმძღვანელოები. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ხარისხი, არამარტო შინაარსობრივ, არამედ ბეჭდვით ნაწილში, შემცირდა წონა. ერთი წლის განმავლობაში დასავლურ სტანდარტზე დავიწყეთ გადასვლა. მესამე არის პედაგოგი. რა თქმა უნდა, თუ პედაგოგოგებს შესაბამისი ეკონომიკური პირობები არ შევუქმენით და არ ვიზრუნეთ მათი კვალიფიკაციის ზრდაზე, შეუძლებელია შედეგის მიღება. ეს არის სწავლების ახალ მეთოდებზე გადასვლა. ეტაპობრივად ყველა სკოლაში უნდა მივიდეთ, ყველა რეგიონში, ყველა სოფელში და ასეთი პირობები შევქმნათ. ჩვენ ერთ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ ამ ყველაფერს საფუძველი ჩავუყარეთ, თითოეულ კომპონენტში დავიწყეთ წინსვლა გაუმჯობესებისკენ. ახლა რაც მთავარია, ამის მასშტაბირება მოვახდინოთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ეს შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.