მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა, რომელსაც დისტანციური სწავლება ბავშვებზე ახდენს:
„ჩემი შვილებიც, სამწუხაროდ, ასე არიან. დილით რომ იღვიძებენ, ტელეფონს დასქროლავენ, ეკრანთან არიან. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილზე არიან. ამ დროს მეორე ტელეფონი უჭირავთ და სხვადასხვა ჩათებში, თამაშებში არიან ჩართული. ეს არის კატასტროფა! ამაზე რაღაც რეგულაციები უნდა შემოიღოს მთავრობამ. მთავრობის, მშობლების, სკოლისა და პედაგოგების ჩართვის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი.“
„ზოგიერთი სკოლა პირიქით მოერგო ამ სიტუაციას. მასწავლებელს სკოლაში აღარ უნდა წასვლა. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში წასვლა. არ არის ეს იმაზე დამოკიდებული, საჯაროა სკოლა თუ კერძო. მშობელს ჰგონია, რომ კერძო სკოლაში დაჰყავს ბავშვი, იქ თანხებს იხდის და ბავშვი განსაკუთრებულ განათლებას მიიღებს. პრაქტიკულად იდენტურია ეს პრობლემა საჯარო და კერძო სკოლებში. საკმაოდ ხშირად არის ასეთი ბავშვების მომართვიანობა. დღეში რამოდენიმე ათეულამდე ავიდე ეს ყველა პედიატრთან. ჩვენ ამ თაობას დავკარგავთ და რა თაობა ჩამოგვიყალიბდება კაცმა არ იცის. საკმაოდ ხშირად გვაქვს გადინება ინტელექტის უცხოეთის ქვეყნებში. კოვიდს ისეთი დამაზიანებელი გავლენა არ გამოუწვევია ბავშვებზე, როგორც ონლაინ დამოკიდებულებას. ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს. სანამ სამთავრობო სტრუქტურები ამით არ დაინტერესდებიან, სხვა პრობლემების წინაშე დავდგებით ყველა ერთად,“- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.