მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
,,საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე''
საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში მასწავლებლების კარანტინის რეჟიმში მუშაობის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა სიტყვით:
,,მცირე პოსტი მასწავლებლებზე:
ალბათ, მალე დამთავრდება ეს კარანტინი, რომელსაც ერთი-ორი რამის გამო მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის უფრო ნათელი გახდა.
უფრო და უფრო მეტად ათბობს ადამიანის გულებს, ადამიანის მიერ ადამიანის მხარდაჭერა, როდესაც ამ იზოლაციაში ხერხდება ფიზიკური ბარიერების მიუხედავად სიყვარულისა და ზრუნვის გარეთ გატანა. მასწავლებლებს მარტო სწავლება კი არა, მოსწავლეებზე ზრუნვა დასჭირდათ, მათი გამხნევება, უფრო მეტი იციან მოსწავლეებზე, მათ პირად გასაჭირზე, ვიდრე ადრე.
მიუხედავად ბარიერებისა, ადამიანებმა შეძლეს მაქსიმუმი და გააგრძელეს საქმის კეთება. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებმაც დღე და ღამე იმუშავეს, რომ შეერჩიათ პლატფორმა, შემდეგ ესწავლათ მისი ფუნქციები და შემდეგ კი ეფიქრათ როგორ ესწავლებინათ. ამ მცდელობის კონვერტაცია არ არის ფული, რადგან ისედაც საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე.
კარგზე ვიფიქროთ ჯერჯერობით, სიცრუეს და ორპირობას რა გამოლევს წუთისოფელში... ''