ამავე სტატიის ქვეშ სხვა პედაგოგიც აღნიშნავს იმას, რომ მსგავსი ტიპის მიდგომა, რომელიც ახლა აქვს სამინისტროს, უსამართლოა: „წამყვანი მასწავლებლები რამდენ წელს უნდა ველოდოთ კიდევ მენტორის გამოცდას?! უსამართლობის გარდა, კიდევ სხვა სახელი ხომ არ შეეფერება იმ ფაქტს, რომ ერთკრედიტიანი მასწავლებლებიც რაღაც აქტივობებით უკვე წამყვანები არიან და 4-5 საგანში სერტიფიცირებულებიც. მაინც და მაინც მაჩანჩალა უნდა იყო ამ ქვეყანაში, რომ ვინმემ იზრუნოს შენს წარმატებაზე?! რატომ გვაბრკოლებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც კომპეტენცია 10 კრედიტზე დავადასტურეთ, თანაც არა მხოლოდ ჩვენს საგანში! გაუბრალოვდა ყველაფერი, სტიმული გვეკარგება, რომ საქმე კარგად ვაკეთოთ. წარმატებული მასწავლებლების დემოტივირება გინდათ?! ასე აპირებთ განათლების სისტემის საოცნებო გაბრწყინებას?! რა უნდა ასწავლოს ჩვენს შვილებს იმ მასწავლებელმა, რომელმაც ძლივს მოახერხა საგანში ერთი კრედიტის აღება, გინდა წამყვანი იყოს, გინდა მენტორი და გინდა ფარაონი! კარგი რა, ,,გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“.
პედაგოგები, ამავდროულად, სამინისტროსგან საგამოცდო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დროულად მიწოდებას ითხოვენ, რათა გამოცდებისთვის მოემზადონ.
უფროსი და წამყვანი პედაგოგების გარდა პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ სპეციალურ მასწავლებლებსაც, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია. სიახლის თანახმად, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც სრული დატვირთვა (15 საათი) აქვს, ხელფასზე 100 ლარი დაემატება. ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, სახელფასო დანამატი პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად გაეზრდება.
სპეციალური მასწავლებლების პროტესტის საპასუხოდ არც განათლების სამინისტროსა და არც მასწავლებლის სახლს განცხადება არ გაუკეთებია. ერთი მხრივ, სამინისტრო წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩვნევს იმას, რომ სპეციალური მასწავლებლები ჩართეს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში და საგნის პედაგოგებს გაუთანაბრეს. ამ ცვლილების თანახმად, სპეცმასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ და მათ საშუალება აქვთ, რომ სტატუსი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე აიმაღლონ.
რაც შეეხება სქემაში ცვლილებებს და კითხვებს, რომლებიც პედაგოგებს ჰქონდათ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ მასწავლებლის სახლს დავუკავშირდით, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე არ უპასუხიათ.
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“