Baby Bag

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი
დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი.

​მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.

​ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს.

​„სულ მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება.

​მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

ცვლილებების თანახმად:

  • მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.
  • განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.
  • დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
  • დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
  • ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).
  • ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.
  • ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).
  • გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.
  • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.
  • თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
  • რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
  • სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
  • კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).
  • ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.
  • აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.

    აქვე მოგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

    წაიკითხეთ სრულად