საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
თუ აქამდე ერთ ოთახში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება - ამირან გამყრელიძე სასწავლო პროცესის განახლებაზე
„თუ აქამდე ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობენ სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც წარიმართება სასწავლო პროცესი.
„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მანამდე, 15 სექტემბრამდე თვე-ნახევარია. ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ხაზს ვუსვამ, დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს სწავლის დასაწყებად არ არის პრობლემა. სწავლის დაწყება იქნება მობილობის გაზრდა ქვეყანაში. როდესაც ათასობით მოსწავლე და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ტრადიციულ სტილში. თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება ძირითადად - დერეფნებში, შესვენებებზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.