საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება მხოლოდ დისტანციური ფორმატით განხორციელდება - მასწავლებლის სახლის განცხადება
ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება განხორციელდება მხოლოდ დისტანციური ფორმატით.
გარე დაკვირვების პროცესი გულისხმობს გარე დამკვირველების ვიზიტს კონკრეტულს სკოლაში, რაც საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს არა მარტო გარე დამკვირვებლისთვის, არამედ კონკრეტული სკოლისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის და მთლიანი თემისთვის. იმ მასწავლებლებს, რომლებიც უარს იტყვიან დისტანციური ფორმატით გარე დაკვირვების გავლაზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის N714 დადგენილების შესაბამისად გარე დაკვირვების გავლის საშუალება მიეცემათ 2020-2021 წლის მეორე სემესტრში.