ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
რას გულისხმობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს?
გეოგრაფიის საგნის ექსპერტმა მეგი ტალახაძემ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა. 2024 წლამდე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი სწორედ აღნიშნულ გეგმაზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს:
„პირველი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მოსწავლე, მასწავლებელი, სასკოლო კულტურა. უმთავრესი მიზანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ, ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი მოქალაქეები. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საგნებში მიღებული ცოდნის რეალობაში გადმოტანა. ყველა სკოლაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ გვაქვს ეს პრობლემა და სასწავლო პროცესი უნდა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული.“
მეგი ტალახაძის თქმით, ახალი გეგმის დანერგვა ერთიანად, ერთ თვეში ვერ მოხერხდება:
„ეს ერთიანად ერთ წელში, ერთ თვეში არ კეთდება. არსებული რეფორმის შემდეგ ყოველთვის ხდება კვლევები. კვლევების შედეგად ვიღებთ გარკვეულ პრობლემებს და ამ პრობლემების მიხედვით ხდება შესაბამისი უკუკავშირის გაცემა. მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ის, რომ პედაგოგებთან ნაბიჯ-ნაბიჯ იქნეს მიღწეული დასახული მიზნები. აქ არის მხარდამჭერი ჯგუფები, 24 მხარდამჭერი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ჯგუფებში ჩართული არიან: საგნის ექსპერტები, ინკლუზიური განათლების ექსპერტები, ლიდერობის ექსპერტები, განათლების ექსპერტები, რომელთაგან ვიღებთ უკუკავშირს, შეფასებებს. ეს არის სკოლების დონეზე უწყვეტი პროცესი. მასწავლებელი მიდის სკოლაში, ის ნერგავს პროცესს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამ ბალანსს ემყარება. ყველა საგნის პრიორიტეტები და ინტერესი უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩავარდნები, თუნდაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.“
„ყოველ წელს ემატება სკოლები. ამ წუთას 600 სკოლაა. რეგიონების დონეზეც თუ ვსაუბრობთ, ჩვენ რეგიონის, მუნიციპალიტეტის დონეზე, ყველა სოფლის სკოლასთან გვაქვს კავშირი. პედაგოგები, რა თქმა უნდა, მოგვყვებიან. ჩვენ ვიღებთ მათ უკუკავშირს. მათ შეკითხვებზე გვაქვს ერთობლივი გააზრების პროცესი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმაც მათ მიერ წამოღებულ თითოეულ უკუკავშირს შესაბამისად პასუხობს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შეფასების ნაწილი. არ უნდა იყოს შეფასება ნიშანზე ორიენტირებული. შეფასება უნდა იყოს განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული,“ - აღნიშნულ საკითხზე მეგი ტალახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.