ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“
„ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ერთხელაც დავწერ - იქნებ ვინმემ გაიგონოს:
ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“.
რატომ უნდა ვისახავდეთ მიზნად ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში საუნივერსიტეტო განათლების ელემენტების ჩამოტანას - ვის სჭირდება ასეთი სიურელისტური ამოცანების გადაწყვეტა, მითუმეტეს, რომ ვერასდროს წყდება?
ბავშვი სკოლაში ლიტერატურის გაკვეთილებზე უნდა მიდიოდეს ინტელექტუალური და ესთეტიკური სიამოვნების აღსაქმელად და მისაღებად და არა დაუსრულებელი განმარტებებისა და სქემების დასაზუთხად - მხატვრულ ტექსტებს არ სჭირდებათ არც პროკრუსტეს სარეცელი და არც „საბოლოო ჭეშმარიტებანი“.
ლიტერატურის გაკვეთილი ფიქრისა და განცდის თავისუფლების გაკვეთილია - როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლისთვისაც და არა სტანდარტიზებული იდეების უაპელაციო კულტივირება და ჩანერგვა პედაგოგისა თუ ბავშვის ცნობიერებაში, რისი ძალდატანებითი თავსმოხვევის (ერთადერთობის ნიშნით!) დაუსრულებელ მცდელობასაც ახლა ვხედავთ საქართველოს სკოლებში.
სახელმძღვანელოებში არ უნდა იყოს ამოსახევი ფურცლები, როგორც კარგად არის მინიშნებული შესანიშნავ ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. სასწავლო წიგნების შეფასების დღეს დამკვიდრებული „სისტემის“ პირობებში კი შესაძლოა ისეთი „სახელმძღვანელოები“ შეიქმნას, რომლებშიც ბევრი ფურცელი ამოსახევი იქნება.
ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, რა სავალალო შედეგთან მიგვიყვანა ქართულ სკოლაში ჰუმანიტარული განათლების სფეროში არამართებული „პრინციპების“ დამკვიდრების დაუსრულებელმა და უდღეურმა „ექსპერიმენტებმა“, რომლებსაც ამ საქმისთვის სრულიად შეუფერებელი და კატეგორიულად უინტერესო ადამიანები ატარებენ - ისინი საკუთარი ცნობიერების კლიშეებს ავრცელებენ მხოლოდ.
კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეგ თქვენი ე.წ. „მატრიცები“, რომლებითაც ყველას თავი მოაბეზრეთ, ბავშვის მიერ ლიტერატურის აღქმის სიკვდილია - სასკოლო ეტაპზე ის სიამოვნებასა და სიხარულს ეძებს და არა ყალბ „მეცნიერებას“. არც მასწავლებლებს სჭირდებათ ლიტერატურის სწავლების ერთადერთი „სწორი პრინციპის“ ყოველდღიური დამხობა თავზე - სწავლებაც შემოქმედების თავისუფლებაა და ამიტომ.
დავაცადოთ ბავშვებს, რომ შეიყვარონ და არა შეიძულონ კარგი ლიტერატურა - ის ამას იმსახურებს,“ - წერს გია მურღულია.