ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
ქუთაისის N14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადახდეს და ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
ამის შესახებ სკოლის დირექტორი, ნონა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:
„წელს ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მე-12ა კლასს ბანკეტი არ ექნება. ისინი ზესტაფონის ბავშვთა სახლს სტუმრობენ და იქ ახარებენ პატარებს, ჩემი ჭკვიანები...“
როგორც კლასის დამრიგებელი ნანა გოგორიშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები საჩუქრებითა და მათი სტუმრობით გაახარეს:
„12ა კლასმა ბოლო ზარზე გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა ზესტაფონში არსებული ბავშვთა დღის ცენტრისთვის. ძალიან დიდი სიყვრული და სითბო წამოვიღეთ დღეს ამ ლამაზ ბავშვებთან სტუმრობით, მოგვიწყვეს არაჩვეულებრივი დახვედრა, სიმღერებითა და სხვადასხვა გასართობებით. ჩემებმა თავიანთი საჩუქრებითა და სტუმრობით გაახარეს მათი გულები. ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო, იმისათვის, რომ ეს დღე ესეთი ლამაზი გამოგვივიდა,“ - წერს ნანა გოგორიშვილი სოციალურ ქსელში.