ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„მასწავლებლობის მაძიებლებს უფლება აქვთ, თავიანთი ვალდებულებები მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეასრულონ“ - მინისტრის ბრძანება
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, დღეს, 21 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა – „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს:
ა) აკადემიურ კურსს;
ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსს;
გ) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბრძანების თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად და თუ წარმატებით ჩაბარებული აქვს ან წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.