ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, განისაზღვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.