დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის გამო სამშობლოშინაადრევად დაბრუნებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სტუდენტებს შეხვდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა, ქვეყნის ყველა სფეროს კი ახალი ელიტები სჭირდება:
,,გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი.
ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან და ეს ხართ თქვენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა აქ შევინარჩუნოთ და ის გამოცდილება, რაც მიიღეთ იქ, მოვახმაროთ ამ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.